სასჯელაღსრულების დაწესებულებები

სუბარი: მაღალი და დაბალი რისკის პატიმრების დაწესებულებები ცალ-ცალკე იქნება

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტროში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. მისი თქმით, ეს ცვლილებები რამდენიმე სფეროს შეეხება. სუბარის განმარტებით, დაწესებულებები პატიმრების ტიპების მიხედვით დაიყოფა. მაღალი და დაბალი რისკის პატიმრებისთვის ცალკე დაწესებულებები იქნება.

"დღეისთვის გვაქვს სულ 2 ტიპის დაწესებულება - ნახევრად ღია და დახურული ტიპის. პლუს, არასრულწლოვანთა და ქალთა დაწესებულებები. ცვლილებების შედეგად გვექნება 4 ტიპის. ეს 4 ტიპი იქნება იმ რისკის მიხედვით, რასაც ესა თუ ის მსჯავრდებული საზოგადოებისთვის, გარშემომყოფთათვის თუ საკუთარი თავისთვის წარმოადგენს. გადმოგვაქვს ევროპული და ამერიკული გამოცდილება, სადაც არსებობს მაღალი რისკისა და უსაფრთხოების დაწესებულებები. მაღალი რისკის დაწესებულებაში ისეთი ტიპის მსჯავრდებულები თავსდებიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თავის თავს - ეს შეიძლება იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ბანდის ლიდერები, კანონიერი ქურდები, ან მათ ქვემოთ მდგომი რაღაც იერარქიები, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ, მუდამ ცდილობენ, რომ ადამიანებზე რაღაც ზეგავლენები მოხდინონ", - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დაწესებულება, სადაც მათ არ ექნებათ ვინმეზე გავლენის მოხდენის შანსი.

"მათ შორის, ვერც გვერდით საკანში მყოფზე და ვერც თანასაკნელზე, რადგან უმრავლეს შემთხვევაში მათ თანასაკნელები არ ეყოლებათ. ასეთი ციხე ლაითურში შენდება, თუმცა ვიდრე ეს დამთავრდება, ამავე ფუნქციას რუსთავის მე-6 დაწესებულება შეასრულებს, რომლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც ამ პრინციპების შესაბამისად ხდება", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მეორე უკიდურესობაა დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც ის პატიმრები განთავსდებიან, რომლებიც არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ და რესოციალიზაციისკენ არიან მომართულები.

"ასეთ დაწესებულებაში განთავსდება პროფტექნიკური სასწავლებელი, სადაც პატიმრები 10-მდე პროფესიას დაეუფლებიან. იქნება ჩვეულებრივი სკოლა, სადაც სრულწლოვანი მსჯავრდებულები ატესტატს აიღებენ და იქნება დასაქმების საშუალება. რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამერიკული კომპანია აპირებს ფეხსაცმლის საკერავი ქარხანა გახსნას. სახელმწიფო შეკვეთას ჩვენ უზრუნველვყოფთ. მათი მხრიდან არის პირობა, რომ ეს იქნება ხარისხით მაღალი და ბევრად უფრო იაფი, ვიდრე სახელმწიფო დღეს ფეხსაცმელს ყიდულობს ჯარისკაცებისთვის, პატიმრებისთვის და ა.შ. ეს იქნება მნიშვნელოვანი გზა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისკენ და ამის შემდეგ პატიმრები თავად აირჩევენ იმას, რაც უნდათ - ოჯახთან თვეში 9-ჯერ ღამის გატარების უფლება, ულიმიტო სატელეფონო საუბრების უფლება, მუშაობა-ხელფასი და ა.შ. ასეთი სურვილის მქონე პატიმარი ასეთ ციხეში იქნება, ოღონდ, შესაბამისად უნდა მოიქცნენ. თუ უნდათ იყვნენ ავტორიტეტები და სხვაზე გავლენა იქონიონ, წავლენ იქ, სადაც მათ ამის არანაირი საშუალება არ ექნებათ. 10 წელიც რომ იყვნენ, ამ ხნის მანძილზე არ ექნებათ არცერთი გრძელვადიანი პაემანი, ექნებათ თვეში მხოლოდ ერთი გრძელვადიანი პაემანი და ისიც მხოლოდ ტელეფონით და შუშის მიღმა. მათი გარესამყაროსთან კონტაქტი მაქსიმალურად იქნება შეზღუდული. სატელეფონო ზარებზე იქნება ძალიან მკაცრი შეზღუდვა. მხოლოდ გარკვეულ ნომრებზე, რომლებიც გადამოწმებული იქნება, ექნებათ დარეკვის უფლება და მათი საუბრები გაკონტროლდება, რომ ციხიდანაც არ ჰქონდეთ კრიმინალური გავლენები", - განაცხადა სუბარმა.

კომენტარები