საქართველოს მოქალაქეობა

სააკაშვილი მსურველებს საქართველოს მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიანიჭებს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ჰპირდება. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განაცხადები შეიტანონ ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00 საათამდე მისამართზე: აბდუშელიშვილის ქ. #1.

"საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ჩვენ, რადგან იუსტიციის სამინისტრო მათ უარს ეუბნება. ამ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოს მოქალაქეები და ახლა სურთ მოქალაქეობის მიღება; არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო დაკარგეს, რომ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც დიდი ხანია საქმიანობენ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ამპლუაში კიდევ უფრო აქტიურად აპირებენ მუშაობის გაგრძელებას და იმ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლა აპირებენ ინვესტიციების ჩადებას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ ხალხს გამარტივებული წესით მივანიჭოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რათა ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს გარესამყაროსთან", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა გუშინ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს გაუგებარ უარს ეუბნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს პრაქტიკა შეცვალონ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბრის და 21 ოქტომბრის ბრძანებულებებით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთის 2023 მოქალაქეს. ამასთან, სააკაშვილმა 14 ოქტომბერს ადაფაზარის რაიონის ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის სოფელ ნუსეითში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებდა. 

 

კომენტარები