იპოთეკა

მთავრობა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების რეგულირებას ამკაცრებს

blogger.ge

საქართველოს მთავრობამ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების მოწესრიგება და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მოვალის სამართლებრივი დაცვის დამატებითი მექანიზმების შექმნა დაისახა მიზნად. ამისთვის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც იპოთეკური სესხის გაცემის აღსრულების დაწყებისა და წარმოების პროცედურებს ეხება. მის მიხედვით, ცვლილებები შევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ და ნოტარიატის შესახებ.

ამ ცვლილებების მიხედვით, აუცილებელი ხდება სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება. ხელშეკრულების დამოწმებისას კი ნოტარიუსმა მხარეებს  ის სამართლებრივი შედეგები უნდა განუმარტოს, რაც  მათი მხრიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას მოჰყვება. კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვები არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და  კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე.

მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი არეგულირებს როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლის და  იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის პირობებს, ისე სესხის პროცენტსაც.

ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის რაოდენობა, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, სესხის ხელშეკრულებაში აისახება. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს არ უნდა აღემატებოდეს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. გამონაკლისია მხოლოდ ის სესხები, რომლებიც 1000 ლარს არ აღემატება.

იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში  თუ უძრავი ნივთის საკუთრების გადასვლის შესახებ პირობა პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით. სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ნოტარიუსი ვალდებულია მოუსმინოს კრედიტორსა და მოვალეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცეს სააღსრულებო ფურცელი, თუ მოვალე ვერ წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს.

იძულებითი აუქციონის გზით ქონების რეალიზაციისას შესაძლებელი გახდება პირველი და განმეორებითი აუქციონის ჩატარება. დოკუმენტის მიხედვით, ეს ზომები შეანელებს აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ფასის ვარდნის პროცესს და შექმნის მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან მიახლოებული ღირებულებით რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით,  წარმოდგენილი კანონის ამოქმედება მის ძალაში შესვლამდე დადებული ხელშეკრულებების პირობების გადახედვას არ გამოიწვევს. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.

კომენტარები