საპარლამენტო უმრავლესობა უკანონო მოსმენებს უარყოფს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მოსმენები თავიდან ბოლომდე მოქცეულია სასამართლოს კონტროლქვეშ.
"ახლა, რა ტექნიკას იყენებენ, შვედურ ტექნიკას იყენებენ, იაპონურს თუ სხვას, ეს არ არის არსებითი. მთავარი არის ის, რომ მოსმენები წარმოებს მოსამართლის კონტროლქვეშ და მისი ბრძანებების ქვეშ", - ამბობს ქუცნაშვილი.
იმავეს ამტკიცებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, "მოსმენები უკანონოდ არ ხორციელდება და არც განხორციელდება, რადგან ეს არღვევს და ანგრევს იმ ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს, რომლის გარანტია უნდა იყოს ჩვენი კანონმდებლობაც და ხელისუფლებაც".
როგორც კომპანია ერიქსონის წამომადგენლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის ამ შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის ტექნოლოგიას იყენებდეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო France Press ავრცელებს.
როგორც შვედურ კომპანიაში France Press-ს განუცხადეს, ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად კრიმინალების მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და ერიქსონმა ის ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად ქართულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა.
"ტექნოლოგია კრიმინალთან საბრძოლველადაა განკუთვნილი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მას, სავარაუდოდ, სხვა მიზნებისთვის იყენებს", - განაცხადა ერიქსონის წარმომადგენელმა ფრედრიკ ჰალსტანმა. შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას 21,000 მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. მათგან მესამედი სწორედ ჯეოსელის ქსელშია ჩართული.
ჯეოსელის ერთ-ერთი მფლობელის, შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის TeliaSonera-ს წარმომადგენლის, სალომონ ბეკელეს განცხადებით, საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს მოეთხოვებათ საკუთარ ქსელებში ხელისუფლების წარმომადგენელთა დაშვება. "ხელისუფლება აწარმოებს ქსელების მონიტორინგს და არც ჩვენ და არც სხვა მობილურმა ოპერატორებმა არ ვიცით, რას უსმენენ და რა ინფორმაციას აგროვებენ ისინი".
ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორის პასი კოისტინენის მიერ შვედეთის რადიოსთვის მიწოდებული ინფორმაციით კი, ფარული მიყურადება საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია: "ეს ჩემთვის მიუღებელია და ვისურვებდი, რომ კანონი შეიცვალოს. მაგრამ თუ თვალთვალი კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას".
თუმცა, როგორც ფრანს პრესს Amnesty International Sweden-ის წარმომადგენელმა ელიზაბეთ ლოფგრენმა განუცხადა, მობილურმა ოპერატორებმა არ უნდა დაარღვიონ ადამიანის უფლებები, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ის არგუმენტი, რომ მიყურადება კანონის ფარგლებში ხორციელდება, მათ ქმედებებს არ ამართლებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველა მოსმენა სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორციელდება.





