სავიზო რეჟიმი ისრაელთან

ელკინი: იმედია, უვიზო რეჟიმი საქართველო-ისრაელს შორის მალე იქნება

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზეევ ელკინის თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მან პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პარტნიორად მიიჩნევს.

"ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები. ბატონი პრემიერის ვიზიტის შემდეგ ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მრავალ საკითხში, ამიტომაც, ბუნებრივია, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ასეთი ახლო ურთიერთობები აქვთ, უვიზო რეჟიმიც იქნება. ვიმედოვნებ, მალე დავასრულებთ შესაბამის ტექნიკურ მოლაპარაკებებს, ხელი მოეწერება შეეთანხმებას და საქართველო-ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს", - აღნიშნა ზეევ ელკინმა.

ელკინის ცნობით, უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია და მხოლოდ ტექნიკური მხარეა დარჩენილი.

"ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ამის შესახებ უკვე შეატყობინა. მე კი ოფიციალურად დამევალა მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მე შევხვდები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყოს", - თქვა ზეევ ელკინმა.

კომენტარები