უკანონო მოსმენები

AFP: ხელისუფლება უკანონო მოსმენებისთვის ერიქსონის ტექნოლოგიას იყენებს

როგორც კომპანია ერიქსონის წამომადგენლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, საკუთარი მოქალაქეების უკანონო მოსმენებისთვის ამ შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის ტექნოლოგიას იყენებდეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო France Press ავრცელებს. 

როგორც შვედურ კომპანიაში France Press-ს განუცხადეს, ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად კრიმინალების მოსასმენად შეიქმნა, სტანდარტულია და ერიქსონმა ის ქსელურ აღჭურვილობასთან ერთად ქართულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ ჯეოსელს 2005 წელს მიჰყიდა. 

"ტექნოლოგია კრიმინალთან საბრძოლველადაა განკუთვნილი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მას, სავარაუდოდ, სხვა მიზნებისთვის იყენებს",- განაცხადა ერიქსონის წარმომადგენელმა ფრედრიკ ჰალსტანმა. აღნიშნული კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შვედეთის საზოგადოებრივ რადიოში საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ფარული მოსმენებისთვის ერიქსონის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 

რადიოს ცნობით, ხელისუფლებას 21,000 მობილური ტელეფონის მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. მათგან მესამედი სწორედ ჯეოსელის ქსელშია ჩართული.

საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო მრჩევლის, თომას ჰამარბერგის მიერ წინა თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს ნებართვის გარეშე ფარული მიყურადება საქართველოში "სისტემატური პრაქტიკაა".

ჰამარბერგის სიტყვებით, "ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლისადმი წვდომის შესაძლებლობას შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ამ შესაძლებლობის არასათანადო გამოყენების რისკის გამო, საჭიროა ყველა მსგავსი აქტივობის სამართლებრივი რეგულირება და დემოკრატიული და სასამართლო კონტროლი".

ჯეოსელის ერთ-ერთი მფლობელის, შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის TeliaSonera-ს წარმომადგენლის, სალომონ ბეკელეს განცხადებით, საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს მოეთხოვებათ საკუთარ ქსელებში ხელისუფლების წარმომადგენელთა დაშვება. "ხელისუფლება აწარმოებს ქსელების მონიტორინგს და არც ჩვენ და არც სხვა მობილურმა ოპერატორებმა არ ვიცით, რას უსმენენ და რა ინფორმაციას აგროვებენ ისინი".

ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორის პასი კოისტინენის მიერ შვედეთის რადიოსთვის მიწოდებული ინფორმაციით კი, ფარული მიყურადება საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებია: “ეს ჩემთვის მიუღებელია და ვისურვებდი, რომ კანონი შეიცვალოს. მაგრამ თუ თვალთვალი კანონის შესაბამისად ხორციელდება, ჩვენ ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას".

თუმცა, როგორც ფრანს პრესს Amnesty International Sweden- ის წარმომადგენელმა ელიზაბეთ ლოფგრენმა განუცხადა, მობილურმა ოპერატორებმა არ უნდა დაარღვიონ ადამიანის უფლებები, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ის არგუმენტი, რომ მიყურადება კანონის ფარგლებში ხორციელდება, მათ ქმედებებს არ ამართლებს.

კომენტარები