პატიმართა შეწყალება

ბარნოვი: პრეზიდენტმა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ადამიანები შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, მიხეილ სააკაშვილის მიერ პატიმრების შეწყალების შესახებ ამბობს, რომ "პრეზიდენტმა შეიწყალა ის ხალხი, რომლებზეც იყო დარწმუნებული, რომ ისინი გახდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი".

შეწყალებულთა შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი მაიზერ ლიპარტელიანიცაა. ბარნოვის თქმით, "ეს ადამიანი თავის დროზე მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ სასურველი ჩვენება არ მისცა პროკურატურას".

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა და 250-მდე პირი შეიწყალა. მათ შორისაა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი. მას აღნიშნული თანამდებობა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს ეკავა. ახალი ხელისუფლების პირობებში მას ბრალი დაუსწრებლად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წაუყენეს.

შეწყალებულთა შორის არის ასევე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი, რომელიც ძიმცეიშვილის მსგავსად, იძებნება. 

კომენტარები