პატიმართა შეწყალება

კომისია პრეზიდენტს 150-ზე მეტი პატიმრის შეწყალების რეკომენდაციით მიმართავს

შეწყალების სახელმწიფო კომისია პრეზიდენტს 150-ზე მეტი პატიმრის შეწყალების რეკომენდაციით მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება 150-ზე მეტ პატიმარზე მიიღო, აქედან 120-ზე მეტი მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდება, ხოლო ოცდაათამდე პატიმართან დაკავშირებით კომისია პრეზიდენტს სასჯელის განახევრების რეკომენდაციით მიმართავს.

ომბუდსმენის თქმით, კომისია მაქსიმალურად შეეცადა, რომ თავი აერიდებინა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირებისათვის დადებითი რეკომენდაციის მიცემისაგან, თუმცა, მისივე თქმით, ასეთი საქმეებიც განიხილეს. რამდენიმე მათგანზე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება, მაგრამ თითოეული საქმის განხილვა მოხდა ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება მიღებულია კენჭისყრის გზით.

რაც შეეხება ციხის ყოფილ თანამშრომლებს, რომელთაც ბრალი წაყენებული აქვთ პატიმართა წამებისათვის და პრეზიდენტისგან შეწყალებას ითხოვენ, როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი განაცხადები კომისიას არ განუხილავს.

შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. უჩა ნანუაშვილის ცნობით, კომისიის წევრებმა 400-ზე მეტი მსჯავრდებულის საქმეზე იმსჯელეს.

კომენტარები