ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: დავრწმუნდი, რომ ქუთაისში არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს

www.ipn.ge

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქუთაისის სასამართლოში სისტემატურ სიარულს წყვეტს. ამის შესახებ მერაბიშვილმა მოსამართლეს მიმართა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის განცხადება მისი FACEBOOK-ის გვერდზე გავრცელდა.

"ჩემი აზრით, ქუთაისის სასამართლომ უკვე არაერთგზის მიიღო უკანონო გადაწყვეტილება - ჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება და სასამართლო პროცესებზე ბრალდებისთვის 4000-მდე მოწმის დაკითხვის საშუალების მიცემა. წინა სასამართლო სხდომაზე მე აგიხსენით, რომ ჩემთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული და გთხოვეთ, რომ არ ჩაგენიშნათ კვირაში ერთზე მეტი პროცესი, რის პასუხადაც თქვენ განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, კვირაში სამ პროცესსაც კი ჩაატარებდით. თქვენმა განცხადებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქუთაისში მე არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევწყვიტო ქუთაისის სასამართლოში სისტემატური სიარული და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს. დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები", - აღნიშნავს მერაბიშვილი.

ე.წ. ფიქტიური დასაქმებების საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენებებს ბრალდების მხარის მოწმეები აძლევენ.

"3969 მოწმიდან ბრალდების მხოლოდ 14 მოწმეა დაკითხული, რომელთა ჩვენებებით არც ვანო მერაბიშვილი და არც ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავეები არ არიან. მოწმეები სასამართლოზე საპირისპიროს ამბობენ და მიკვირს კიდეც, რატომ მოჰყავს ისინი ბრალდებას სასამართლოში", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რამდენიმე სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. წინა სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ის კვირაში ორჯერ თბილისიდან ქუთაისში ჩასვლას და სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს. საპასუხოდ, ბრალდების მხარემ მერაბიშვილს ქუთაისის ციხეში განთავსება შესთავაზა იმ დღეების განმავლობაში, როდესაც პროცესი კვირაში რამდენჯერმე იქნება ჩანიშნული.

კომენტარები