რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: ძალიან მინდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შევძლოთ

საქართველოს ცალმხრივად აქვს აღებული ვალდებულება ცეცხლის არგამოყენების შესახებ და ახლა რუსეთის ჯერია, აიღოს იგივე ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძალიან სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს.

მისი თქმით, ეს მას მართლაც ძალიან სურს, რადგან ამის წინაპირობა არის ქვეყნის დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება.

"თუკი ეს მოხდება, რა თქმა უნდა, საქართველო მაშინვე მზად იქნება დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. რაც შეეხება მშვიდობის შესახებ ხელშეკრულებას, საქართველოს ცალმხრივად აქვს აღებული ვალდებულება ცეცხლის არგამოყენების შესახებ და ახლა რუსეთის ჯერია აიღოს იგივე ვალდებულება. ეს არის თემა, რომელიც განიხილება ჟენევაში. ზუსტად ერთ კვირაშია ჟენევის მორიგი შეხვედრა და ვნახოთ, რა სიახლე იქნება იქ საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ", - განაცხადა ფანჯიკიძემ. 

რუსეთის საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ ახალი მთავრობა გაითვალისწინებს "მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ნეგატიურ გამოცდილებას" და საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან ელოდებიან განცხადებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის საგარეო უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ აფხაზეთში ელოდებიან, რომ გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების პირობებში, თბილისსა და სოხუმს შორის მშვიდობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

კომენტარები