ვილნიუსის სამიტი

ფანჯიკიძე: ვილნიუსის სამიტზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერ წავიყვანთ

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის დელეგაციაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ვილნიუსიდან მიღებული მიწვევა გულისხმობს დელეგაციის "1+2+5" შემადგენლობას.

"ერთი არის სახელმწიფოს მეთაური, ანუ დელეგაციის ხელმძღვანელი, ვინც წარადგენს ქვეყანას. უკვე ცნობილია, რომ ეს არის გიორგი მარგველაშვილი. ორი - ეს არის ორი მინისტრი. ხუთი კი, არის დელეგაციის შემადგენლობა. იქ მკაცრი შეზღუდვით მიიღებენ დელეგაციებს. ერთი პლუს ორი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია თან ჰყავდეს ორი მინისტრი, რომლებიც იქნებიან ყველა მაღალი დონის ფორმატში, ხოლო ხუთი შეძლებს, რომ მოვლენებს თვალყური ადევნოს სპეციალურად შექმნილი დარბაზიდან, სადაც იქნება იმის ტრანსლაცია თუ რა მოხდება ცენტრალურ დარბაზში. ეს არის ასეთი მკაცრი შეზღუდვა. რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება ტურისტული ან სხვა მიზნით ეწვიოს იმ პერიოდში ვილნიუსს და შეიგრძნოს ვილნიუსის სამიტის სურნელი", - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაზე გიორგი მარგველაშვილთან ხვალ იმსჯელებს. 

"მართალია, ჯერ ინაუგურაცია არ ყოფილა, მაგრამ ვილნიუსიდან უკვე გვთხოვენ კონკრეტულ მონაცემებს დელეგაციის წევრების შესახებ. ალბათ, ზეგ ჩვენ უკვე ვიტყვით, ვინ იქნება დელეგაციის შემადგენლობაში. ძალიან ცოტაა ხუთი, იმიტომ რომ ბევრმა იმუშავა ასოცირების ხელშეკრულებაზე. სამწუხაროა, რომ ყველა ვერ მოახერხებს ვილნიუსში ყოფნას და სიხარულის გაზიარებას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კითხვაზე, იქნებიან თუ არა დელეგაციაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ არა. 

"ჩვენ იმის ფუფუნების უფლება არა გვაქვს, რომ ხელისუფლებაში არმყოფი ხალხი წავიყვანოთ ვილნიუსში, იმდენად შეზღუდულია რაოდენობა", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები