არჩევნები 2013

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე იყო

EPA

საქართველოს მოქალაქეებს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ულოცავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. პრესმდივნის ჯინ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, და საქართველოს ულოცავს პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას.ის ურჩევს პრეზიდენტობის კანდიდატებს, ცალკეული უკმაყოფილების შეთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართონ. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიტიკურ მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. 

"ვულოცავთ საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. რომელმაც ნამდვილად წარმოაჩინა ხალხის ნება. მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საარჩევნო პროცესი ეფექტური, გამჭვირვალე და კონსტრუქციული იყო. თუმცა შეფასებებში ასევე შევნიშნეთ კრიტიკა ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ კანდიდატებს, დემოკრატიული ნორმების დაცვით ნებისმიერი უკმაყიფილება საარჩევნო ადმინისტრაციაში დააფიქირონ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ კონსტრუქციულად საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის და გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოება, რათა ქვეყანა წინ წავიდეს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით" - განაცხადა პსაკმა.

ცესკომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11% მოიპოვა, მას მხარი 1 012 214-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. მეორე ადგილზე ხმათა 21,73%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, მან 354 206 ხმა მიიღო. მესამე ნინო ბურჯანაძეა 10,18 %-ით, მას მხარი 165 933 ამომრჩეველმა დაუჭირა.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაის წინასწარი შეფასებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და ატმოსფეროც კონსტრუქციული იყო.

”კამპანიამ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების თავისუფლებას პრობლემები არ შექმნია. მედია ნაკლებად პოლარიზებული იყო და შეხედულებათა ფართო სპექტრს ასახავდა. არჩევნების დღეს, ამომრჩეველს თავისუფლად შეეძლო არჩევნის გაკეთება" - წერია დასკვნაში და აღნიშნულია, რომ არჩევნებზე უარყოფითად აისახა ბრალდებები პოლიტიკური ზეწოლის შესახებ, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე ადგილობრივ თვითმმართველობაში.

კომენტარები