არჩევნები 2013

ცესკომ საჩივრები სამართლიანი საფუძვლის არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოში შესული სამი საჩივარი სამართლიანი საფუძვლის არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა.

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო ორგანიზაცია მწვანე დედამიწისა და პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს საჩივრები განიხილა.  მწვანე დედამიწის საჩივრის თანახმად, კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისნის #76-ე საარჩევნო უბნის კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენს გადაუღო ფოტო და Facebook-ზე განათავსა.  ამასთან დაკავშირებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ცესკოს უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოსთხოვა. მწვანე დედამიწა #76-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვდა. ეს საჩივარი ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხის მოთხოვნა არ განიხილა.

რაც შეეხება დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის წარდგენილ საჩივრებს, პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ირაკლი ჭყოიძე ცესკოსგან უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ბრიფინგთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვდა. კერძოდ, ირაკლი ჭყოიძის საჩივრის თანახმად, დავით საგანელიძის ბრიფინგზე ფონად იყო პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ბილბორდი და ნომერი. ცესკოს იურიდიული სამსახურის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში ბანერის და პლაკატის კადრში მოხვედრა დარღვევად ვერ ჩაითვლება და ცესკომ ირაკლი ჭყოიძის საჩივარი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის კიდევ ერთ საჩივარს, ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ირაკლი ჭყოიძე ცესკოსგან პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვდა. საჩივრის თანახმად, პრემიერმა საკუთარი არჩევანი გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გაასაჯაროვა. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, პრემიერმინისტრს აგიტაცია კენჭისყრის შენობაში არ გაუწევია, რის გამოც აღნიშნული საჩივარი ასევე სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო არ დაკმაყოფილდა.

 

კომენტარები