არჩევნები 2013

პრემიერი: მინდა საზოგადოებას დავეხმარო ანალიზში და გავაძლიერო

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორში იმიტომ გადადის, რომ საზოგადოებას სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმაროს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა თქვა, მისი 20-წლიანი საქმიანობის ციკლი სწორედ ამას გულისხმობს.

"20-წლიანი ციკლი და ის, რასაც ველოდები 20 წლის განმავლობაში, ადრეც აღმიწერია და დღესაც კარგად ვაჩვენე, რომ სადაც მივდივარ, იქ პრობლემები არის. ის პროცენტი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ცხრა წლის მიუხედავად, ახლაც ვერ წარმომიდგენია და ეს მიუთითებს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური სიმწიფე არ აქვს და დახმარება სჭირდება. ამიტომაც მივდივარ მე, რომ ეს პროცესი დავაჩქარო. სასწაულს კი ვერ მოვახდენ, შეიძლება ოდნავ დავაჩქარო, შეიძლება არც.. ყველაზე ცოტა, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე შენარჩუნდება კოალიცია და მერე მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. იმისთვის მივდივარ საზოგადოებაში, რომ ხუთი წლის შემდეგ, საზოგადოებამ შესატყვისად კარგი არჩევანი და სწორი ანალიზი გააკეთოს. პრობლემა საზოგადოებაშია და ამიტომაც მივდივარ იქ, რომ საბოლოოდ კარგი მთავრობა ავირჩიოთ. მინდა საზოგადოებას დავეხმარო ანალიზში და გავაძლიერო.. ის ზედმეტი ნდობა, რომელიც მაქვს, მინდა, საზოგადოებას მოვახმარო. მინდა, რომ სწორი ანალიზი გააკეთოს ხალხმა, სწორად მოიქცეს და არჩევის შემდეგ, არ შეწყვიტოს ხელისუფლების კონტროლი. აი, ამისთვის გადავდივარ სამოქალაქო სექტორში და თუ ვერ მოვახერხე, ანუ რაღაც არ გამომივიდა", - განაცხადა პრემიერმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ჩამოყალიბება არ არის მარტივი პროცესი.

"ამას ასწლეულები მოანდომეს ევროპელებმა და ძალიან დიდი დრო დახარჯეს ამერიკელებმაც.სჭირდება ამას ყურადღება და მიხედვა.. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს. რეალურად, ნაციონალებმაც კარგად იციან და არ ვიტყვი რამე ახალს, რომ 12-13% არის მათი მკვიდრი მხარდამჭერი. ჩვენი ამომრჩეველი რომ მოსულიყო მაქსიმალურად, მაგათ ექნებოდათ ათ პროცენტზე დაბლა. ასე მოხდა, ჩვენი მოვიდა მინიმუმი და იმათი მოვიდა მაქსიმუმი. იმათი მხარდამჭერი არც ერთი არ დარჩენილა მოუსვლელი, ჩვენ მივიღეთ ჩვენს მინიმუმთან ახლოს.. მე ვერ წარმომედგინა, რომ ისინი 18%-ზე მეტს მიიღებდნენ. ეს ყველაფერი ერთმანეთის შესატყვისია. რაც ალხანა, ის ჩალხანა. ჩვენ ყველა ვსაჭიროებთ განვითარებას. ახალი ხელისუფლება და ახალი პრეზიდენტი წინგადადგმული ნაბიჯია და ვიტყოდი წინწამოწეული.. საჭიროებს საზოგადოების დანარჩენი ნაწილიც ამ დონეზე მოსვლასაც და განვითარებასაც. ჩვენ ყველა ერთად ვიხარშებით და ერთი ორგანიზმის ნაწილი ვართ. მთავარია, გავაცნობიეროთ ეს.. პოლიტიკური ისტებლიშმენტიც სუსტია, პრიცნიპში ისეთია, როგორიც უნდა იყოს 22-წლიანი მმართველობის პირობებში..  მაგრამ ეს საერთოდ საზოგადოების ბრალია და არა მხოლოდ პოლიტიკური ისტებლიშმენტის. ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობის განცდა. შესაბამისად, ის ვინც ხმა მოგვცა და ვისაც შეეძლო ხმის მიცემა, მათთვისვეა კარგი დასაფიქრებლად, რომ თუ უნდათ და სურთ მეტი შედეგი, მართებთ მეტი აქტიურობა და მეტი აგიტაცია თუნდაც საკუთარ მეგობრებთან" - განაცხადა ივანიშვილმა. 

ცესკოს ბოლო მონაცემებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა 62.12% მიიღო, დავით ბაქრაძემ - 21.72%, ნინო ბურჯანაძემ  10.18%, ხოლო გიორგი თარგამაძემ - 1.07%. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 98.7%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინდელ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46.6% იყო. 

კომენტარები