არჩევნები 2013

სააკაშვილი: გუშინდელი შედეგებით, ჩვენ ყველა შემდგომ არჩევნებზე გვაქვს შანსი

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ესაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძის მეორე ადგილი ისეთი მეორე ადგილია, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი ბრძოლებისთვის და გამარჯვებებისთვის. მისივე თქმით,  რამდენიმე თვის წინ ყველა პროგნოზირებდა, რომ ნაციონალური მოძრაობა გაქრებოდა, გაუჩინარდებოდა და შეშინდებოდა.

"25 000 ჩვენი აქტივისტი მუდმივად იმყოფებოდა დაკითხვაზე. ჩვენი ყოფილი მინისტრები სრულიად უსამართლოდ იმყოფებიან საპატიმროებში და გაუგონარი უსამართლობით განიხილავენ მათ საქმეებს. ბევრს კიდევ ემუქრება პატიმრობა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად ბევრი პროპაგანდისა, მიუხედავად იმ ათასგვარი სიბინძურისა, რომელიც ჩვენზე გადმოისხა, ქართული საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაგვიჭირა მხარი. იმის ფონზე, რომ ძალიან ბევრი არ მივიდა არჩევნებზე, ეს შედეგი არის ძალიან კარგი საწყისი პოზიცია ნებისმიერი მზარდი პარტიისთვის და მომავალზე ორიენტირებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა და მადლობა გადაუხადა ენმ-ის კანდიდატს დავით ბაქრაძეს, "რომელიც დაუღალავად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა". პრეზიდენტის თქმით, სურს გაიმეოროს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას სიტყვები.

"შევხვდებით მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ყველა შემდგომ არჩევნებზე გვაქვს შანსი. გუშინდელ არჩევნებზე ჩაეყარა ამას სერიოზული საფუძველი", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, მათი მხარდამჭერების და აქტივისტების დამსახურებაა.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა 62.12% მიიღო, დავით ბაქრაძემ - 21.72%, ნინო ბურჯანაძემ კი, 10.18%. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 98.7%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინდელ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46.6% იყო. 

 

კომენტარები