არჩევნები 2013

ბურჯანაძე: დღეიდან, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთი ძალაა

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას "სამარცხვინოდ გაურიგდა" და ერთი დიდი სახელისუფლებო ძალა ჩამოყალიბდა. ბურჯანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, არჩევნების შედეგების შეჯამებისას, მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, სახალხო კრებას და თანაგუნდელებს.

"იმ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა. ამის მიუხედავად, მე ვაცხადებ, რომ არჩევნები შედგა. ფაქტია, რომ ამომრჩევლების უმეტესობამ ხმა მისცა ივანიშვილის კანდიდატს. წინასაარჩევნო პერიოდში იყო განუსაზღვრელი თავისუფლება წინა წელთან შედარებით, თუმცა ამის მიუხედავად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანობის, თანასწორობისაგან და ევროპული არჩევნებისაგან ძალიან შორს იყო. ეს არჩევნები ჩატარდა "ნაცმოძრაობის" მიერ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული უსამართლო საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ ეს სისტემა კარგად მოირგო. გუშინდელმა დღემ ნათლად დაანახა მთელ საქართველოს, რომ კოჰაბიტაციით ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის, 28 ოქტომბერს მივიღეთ მჭიდრო თანამშრომლობა ორ დიდ სახელისუფლებო ძალას შორის. ეს არის იმის შედეგი, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის მოხდა სამარცხვინო და ცინიკური გარიგება", - აღნიშნა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, არჩევნების შედეგები არ ამართლებს იმ ადამიანების მოლოდინს, რომლებმაც 1 ოქტომბერს ხმა მისცეს ქართულ ოცნებას.

"დღეს ქვეყანაში მივიღეთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების მონოპოლიზაცია, ვინაიდან დღეიდან ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთი ძალაა. სწორედ მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ამის გამო, ვეღარ მოხერხდება იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც მე მქონდა და გაუგებარია თუ როგორ აღდგება საქართველოში სამართლიანობა, როგორ მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სხვა საკითხები. ამაზე პასუხისმგებლობასაც ქართულ ოცნებას ვაკისრებ", - თქვა დემოკრატული მოძრაობის ლიდერმა და აღნიშნა, რომ მისი პარტია ვალდებულია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

"ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც არცერთ სახელისუფლებო ძალას არ მისცეს ხმა. ამ ადამიანების წინაშე, ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ ქვეყანაში ძალთა ბალანსი და არ დავუშვათ ერთი გარიგებული ძალის მიერ ქვეყნის პოლიტიკური სიტუაციის მონოპოლიზაცია", - აცხადებს ბურჯანაძე. 

ცესკოს ბოლო მონაცემებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა 62.12% მიიღო, დავით ბაქრაძემ - 21.72%, ნინო ბურჯანაძემ კი, 10.18%. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 98.7%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინდელ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46.6% იყო. 

კომენტარები