არჩევნები 2013

ივანიშვილი: ნაციონალების 21% აჩვენებს, რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა

france24.com/

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევნებში, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 21% მიიღო, ამომრჩევლის დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. როგორც ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბაქრაძის მაჩვენებელი მისთვისაც სიურპრიზი იყო და ამას ყველაზე უარეს შემთხვევაშიც არ ელოდა.

"ჩატარდა ძალიან კულტურული, ევროპული არჩევნები. მაგრამ მე შევახსენებ საზოგადოებას, იმის პარალელურად, რასაც თავგამოდებით ვიმეორებდი, რომ ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი უწყვეტი კულტურა, ასევე ვამბობდი, რომ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა არ არის მაღალი. თუ გნებავთ ის ფაქტი, რომ ბაქრაძემ მიიღო 21%, იყო ჩემთვის დიდი სიურპრიზი, მეც კი არ ველოდი, უარეს შემთხვევაშიც კი... ამითაც კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ გვაკლია პოლიტიკური კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად წარმატებული ხელისუფლება და ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობდა, ნახეთ, რა მოხდა? არ მოვიდა ჩვენი ამომრჩეველი. მოხდა ის, რასაც განვიცდიდი და ვგრძნობდი", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მეორე ტურზეც სწორედ ამიტომ საუბრობდა. 

"ვფიქრობდი, იქნებ პასუხისმგებლობა გასჩენოდა მოქალაქეებს. გაოგნებულია ხალხი, რომ ნაციონალებმა 20%-ზე მეტი მიიღეს", - თქვა პრემიერმა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დაბალი პოლიტიკური კულტურა ნიშნავს არა იმას, რომ ქართველი ხალხი ვინმეზე უარესია, არამედ იმას, რომ "ჩვენ არ გვაქვს პრაქტიკა ჩვენი ქვეყნის მართვის". ივანიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და "ერთი ქვეყნის შვილები ვართ ყველანი", მაგრამ, მისი შეფასებით, გაუგებარი მხარდაჭერა ახალისებს გაუგებრობაში ყოფნას. 

ცესკოს ბოლო მონაცემებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა 62.12% მიიღო, ხოლო დავით ბაქრაძემ - 21.72%. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 98.7%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გუშინდელ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46.6% იყო. 

კომენტარები