არჩევნები 2013

საია: ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესში გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა მთლიანობაში, ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა. საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 33 საჩივარი და 50 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა დამკვირვებლის ხელშეშლის 8 ფაქტი, მათ შორის, უბანზე საიას დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები და ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების ხელშეშლა. საიას დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს წილისყრის პროცედურების დარღვევებზე (5 შემთხვევა); საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე (7 შემთხვევა); არასათანადო დოკუმენტებით არჩევნებში მონაწილეობაზე (11 შემთხვევა).

"ასევე, დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციასთან, ამომრჩეველთა სიებთან, საჩივრის ჩაბარებასთან, გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან, მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები. სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, უბნის დაგვიანებით გახსნის,  უბანზე აგიტაციის, დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები", - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და აღნიშნავს, რომ დარღვევათა უმეტესობა საარჩევნო კანონმდებლობის ნაკლები ცოდნით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე საუბნო საარჩევნო კომისიების მიზანმიმართული, განზრახი ქმედებებით. ამასთან, საიას განმარტებით, მათი დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს წარმოადგენდა და არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს. გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, კენჭისყრის გუშინდელ პროცესზე პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა. საიას განცხადებით, სპეცუბნების რაოდენობა შემცირდა და საარჩევნო პროცესებისგან სამართალდამცავი ორგანოები დისტანცირებულია. 

"ასევე ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი გაეკეთებინათ საკუთარი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით, არჩევნების პოზიტიურად ჩატარების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო; გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია რამდენიმე კონკრეტული შემთხვევის გარდა, მოწოდებული იყო, რომ სათანადო რეაგირება მოეხდინა საიას დამკვირვებლების შენიშვნებზე და გამოესწორებინათ დარღვევები; მთლიანობაში, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა", - ამბობენ ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ არჩევნების შეჯამების შემდეგ, საია წარმოადგენს მთლიან ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება არჩევნების მთლიანი სურათი წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, დავების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ჩათვლით.

აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, საია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას მიაწვდის რეკომენდაციებს არჩევნების კიდევ უფრო დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

 

კომენტარები