საერთაშორისო დამკვირვებლები ინფორმირებულები არიან, რომ საოკუპაციო ხაზის იქით მცხოვრებ მოსახლეობას არ აძლევენ საშუალებას არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩაკეტილია საოკუპაციო ხაზი და მოსახლეობას არ აძლევენ საშუალებას გადმოვიდნენ, ხმა მისცენ და გააკეთონ თავისი არჩევანი. ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შევატყობინეთ ამის შესახებ და ვცდილობთ მშვიდობიანად, ყოველგვარი პროვოკაციის და გართულების გარეშე მოვახერხოთ ამ ხალხისთვის დახმარების გაწევა, რომ გადმოვიდნენ და ხმა მისცენ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
როგორც ცნობილია, ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა 25 ოქტომბრიდან საქართველოსთან დამაკავშირებელ ყველა ე.წ. საზღვარზე გადაადგილება შეზღუდა. შეზღუდვა იმ მონაკვეთებს შეეხება, სადაც დღემდე ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შედარებით გამარტივებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კატეგორიულად აუკრძალეს.





