არჩევნები 2013

TI: საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება

საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება. ორგანიზაციამ ამ დროისთვის 20-მდე მცირე და 22 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. TI-ს დამკვირვებლებმა 22 საჩივარი დაწერეს.

ორგანიზაციის განცხადებით, სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია დამკვირვებლების არ შეშვება უბანზე, წილისყრის გარეშე ფუნქციების განაწილება, ბეჭდების პრობლემა, აგიტაცია კომისიის წევრის მიერ, საარჩევნო უბანზე შეშვება მარკირების შემოწმების გარეშე და შემაჯამებელ ოქმზე ნაადრევი ხელმოწერა.

"საბურთალოს საარჩევნო ოლქის 49-ე და თელავის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანზე ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებს არ უშვებდნენ უბანზე. ქობულეთის საარჩევნო ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთის წასაღებად, კომისიაში წილისყრით ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი ადამიანი გამოავლინეს. დაახლოებით იგივე მოხდა გარდაბნის 43-ე უბანზე, სადაც გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მხოლოდ ერთი წევრი შეირჩა წილისყრით, მეორე კი თავმჯდომარემ თავად დანიშნა; ასევე, ბოლნისის საარჩევნო ოლქის 62-ე უბანზე ბეჭდებს არ გაუკეთეს ნაკვეთური და ისე დაიწყეს მისი გამოყენება. მოგვიანებით, ბეჭდებს გაუკეთდა ნაკვეთური, თუმცა სინჯი არ აღებულა და არც შენიშვნა/ახსნა განმარტება დაწერილა;  მარნეულის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე თავმჯდომარემ მხოლოდ ერთ ბეჭედს გაუკეთა ნაკვეთური, დანარჩენები კი ნაკვეთურის გარეშე გამოიყენება. თერჯოლის საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და დემონსტრაციულად შემოხაზა სასურველი კანდიდატი, რაც მის მიერ აგიტაციის გაწევად უნდა იქნეს მიჩნეული. მარნეულის 59-ე და ჭიათურის 32-ე ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა ნაწილს არ უმოწმებდნენ მარკირებას. ჩხოროწყუს 21-ე უბანზე დილის 10 საათისთვის კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს და ხელმოწერილი ოქმი გადამალეს" - აცხადებს TI.

არჩევნებისას მიმდინარე მოვლენების შეფასებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”არჩევნების დღის განმავლობაში კიდევ ორჯერ წარმოადგენს: პრესკონფერენციები გაიმართება 16 საათზე და 20 საათზე. ამასთანავე, არჩევნების დღის საერთო შეფასება გაკეთდება 28 ოქტომბერს 12 საათსა და 30 წუთზე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებს 370 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 330 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი და 73 საარჩევნო ოლქიდან 66-ს ფარავენ. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს. 

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.8 %-ია. ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის, 240 732-მა ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვილი აღნიშნავს, რომ ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი - 63 360 ამომრჩეველი თბილისში მივიდა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის ინფორმაციით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ამ ეტაპზე 10 საჩივარი აქვთ დაწერილი. მისივე განმარტებით, საიას დამკვირვებლებმა ჩანაწერის წიგნში დამატებით კიდევ 13 შენიშვნა დააფიქსირეს.

 

 

კომენტარები