არჩევნები 2013

ხარატიშვილი: მე ხმა მივეცი შესრულებად დაპირებებს

facebook.com

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, მან მხარი ევროინტეგრაციას და ეკონომიკის განვითარებას დაუჭირა. ხარატიშვილი საარჩევნო უბანზე სამ შვილთან ერთად მივიდა.

"მე ხმა მივეცი შესრულებად დაპირებებს. უარი ვთქვი სიძულვილის ენაზე. მხარი დავუჭირე ეროვნულ და ოჯახურ ღირებულებებს, ევროინტეგრაციას და წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ განვითარებას როგორც ჩვენი მომავლის ერთადერთ გზას" - თქვა ხარატიშვილმა. 

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.8 %-ია. ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის, 240 732-მა ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვილი აღნიშნავს, რომ ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი - 63 360 ამომრჩეველი თბილისში მივიდა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის ინფორმაციით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ამ ეტაპზე 10 საჩივარი აქვთ დაწერილი. მისივე განმარტებით, საიას დამკვირვებლებმა ჩანაწერის წიგნში დამატებით კიდევ 13 შენიშვნა დააფიქსირეს.

კომენტარები