საპროცესო შეთანხმებები

პროკურატურის მიერ საპროცესო შეთანხმების გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა

საპროცესო შეთანხმებების გამოყენების სტატისტიკა
უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2013 წლის 9 თვეში 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 23.3%-ით გაიზარდა იმ საქმეების რაოდენობა, რომელზეც სასამართლოებმა საპროცესო შეთანხმება დაამტკიცეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 9 თვის განმავლობაში არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ მოითხოვა 4 854 საქმეზე, 2012 წლის იგივე პერიოდში ეს 3 938 საქმეზე მოხდა.

რაც შეეხება არსებითად განხილულ საქმეებს, ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 15%-ით არის გაზრდილი და შეადგენს 3 192-ს.

2013 წლის 9 თვეში საპროცესო შეთანხმებით განაჩენი სულ გამოიტანეს 7 938 საქმეზე და ეს შეეხო 9 192 ბრალდებულს. 2012 წლის იგივე პერიოდში კი საპროცესო შეთანხმებით განაჩენი სულ 6 703 საქმეზე დადგა, რაც 13%-ით ნაკლებია 2013 წელთან შედარებით.

საბოლოოდ, 2013 წლის 9 თვეში სასამართლოების მიერ განხილულ საქმეებში საპროცესო შეთანხმება გამოყენებულ იქნა საქმეების 91%-ში(7 938 საქმე). ეს მაჩვენებელი 2012 წლის ოქტომბრამდე 88.1%(6 703) საქმე იყო.

ხელისუფლებაში მყოფი კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო იმ დროს მოქმედი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის შეცვლა, რადგან მათივე შეფასებით, ის იყო უსამართლო და არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2013 წლის ივლისში იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებების გამოყენების ძველი პრაქტიკის გაგრძელება გამოწვეული იყო არსებული კანონმდებლობით. მისივე თქმით, ხელისუფლება აღნიშნული კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს, რის შემდეგაც, შეიცვლება პროკურატურის მიდგომები საპროცესო შეთანხმებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომენტარები