სწრაფი გადახდის კომპანიები

BOG: საქართველოს ბანკის მიერ კონკურენტული გარემოს განადგურება აზრს მოკლებულია

საქართველოს ბანკი  პასუხობს სწრაფი გადახდის კომპანიების მოთხოვნას, რომ საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკს რეგულაციები დაუწესდეთ. ბანკში ამბობენ, რომ კომპანიების მტკიცება საქართველოს ბანკის მიერ ბაზარზე კონკურენტული გარემოს განადგურების თაობაზე ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

“სწრაფი გადახდის კომპანიების მტკიცება საქართველოს ბანკის მიერ ბაზარზე კონკურენტული გარემოს განადგურების თაობაზე ყოველგვარ აზრს მოკლებულია, როდესაც სწრაფი გადახდის თითქმის ყველა ოპერატორმა ერთდროულად დაუწესა მომხმარებლებს ერთი და იგივე ტარიფი. საქართველოს ბანკი იყო იმ მცირერიცხოვან ოპერატორებს შორის, რომელთაც სწორედ მომხმარებლის მიზიდვისა და კონკურენციის გაღვივების მიზნით არჩიეს, რომ მომხმარებელს დაუტოვონ არჩევანის შესაძლებლობა, მობილურის ბალანსის საკომისიო ჰქონდეს 0%. საქართველოს ბანკს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის საინტერესოა მთლიანად სწრაფი გადახდების სერვისის ეფექტურობა მომხმარებელთა კმაყოფილების ფონზე და არა ამ ბიზნესის ცალკეული მიმართულებების მომგებიანობის კონტროლი”, - განმარტავენ საქართველოს ბანკში.

სწრაფი გადახდის კომპანიები ეროვნული ბანკისგან მოითხოვენ, საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკს  რეგულაციები დაუწესდეს. როგორც სწრაფი გადახდის კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს, ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქციაზე თქვეს, თიბისი  ბანკისა  და საქართველოს ბანკის მიერ მობილურ ოპერატორებზე ჩარიცხვისას დაწესებულია 0%-იანი ტარიფი მომხმარებლებისთვის, რაც მათ ბიზნესს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები