სწრაფი გადახდის კომპანიები

სწრაფი გადახდის კომპანიები: მოვითხოვთ, თანაბარ პირობებში ჩაგვაყენონ

სწრაფი გადახდის კომპანიები ეროვნული ბანკისგან მოითხოვენ, რომ საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკს რეგულაციები დაუწესდეთ. კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს იუსტიციის სახლში მდებარე ეროვნულ ბანკთან გამართულ საპროტესტო აქციაზე თქვეს, რომ თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მიერ მობილურ ოპერატორებზე ჩარიცხვისას დაწესებული 0%-იანი ტარიფი მომხმარებლებისთვის, სერიოზულ საფრთხეს უქმნის სწრაფი გადახდის კომპანიებსა და მათ ბიზნესს.

"ეროვნულ ბანკთან ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუწესდეს მკაცრი რეგულაციები აღნიშნულთან დაკავშირებით ორივე ბანკს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის ინტერესია, 0%-იანი ტარიფით მხოლოდ ეს ორი მოთამაშე დარჩეს ბაზარზე და შემდეგ უკვე თავად არეგულირონ ის, რაც მოუნდებათ. ჩვენ კი იძულებულები ვართ, რომ მომხმარებელს დავუწესოთ გარკვეული პროცენტიანი გადასახადი. ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ჩვენ ადრე ფულს მობილური ოპერატორები გვიხდიდნენ, ახლა კი ისინი ჩვენ აღარ გვიხდიან ფულს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გადახდაც მობილურ აპარატებზე 0%-იანი იქნება, მაშინ ჩვენს ბიზნესს არც მოგება ექნება, არც არანაირი აზრი", - ამბობენ სწრაფი გადახდის კომპანიების წარმომადგენლები.

სწრაფი გადახდის კომპანიები ეროვნული ბანკისგან მოითხოვენ, ყველა მოთამაშე თანაბარ პირობებში ჩააყენოს.

"ამ ბიზნესის ძირითადი შემოსავალი მოდის სწორედ მობილურ ოპერატორებზე ჩარიცხვით. მოვითხოვთ ეროვნული ბანკისგან, რომ თანაბარ პირობებში ჩაგვაყენოს ყველა მოთამაშე, ვინც ამ ბაზარზეა. წინააღდეგ შემთხვევაში, იქმნება სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ჩვენ, თავად კომპანიები და ის პირები, რომლებსაც ასევე თავის ობიექტებზე დადგმული აქვთ სწრაფი გადახდის აპარატები, გაკოტრების წინაშე დევდგეთ", - ამბობენ აქციის მონაწილეები. მათივე თქმით, ისინი დღის განმავლობაში აქციებს გააგრძელებენ საქართველოს ბანკთან, ასევე ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისთან და მთავრობის კანცელარიასთან.

კომენტარები