ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

პრემიერი: რუსეთი ბოლომდე კიდევ ვერ აცნობიერებს, რა მოხდა 2008 წელს

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მავთულხლართების გაბმა რუსეთის იმიჯს პირდაპირ აზიანებს. როგორც პრემიერმა გადაცემა პოლიტიკის დროში თქვა, მისი აზრით, რუსეთი ბოლომდე კიდევ ვერ აცნობიერებს, რა მოხდა 2008 წელს. ივანიშვილის შეფასებით, რუსეთი ასევე ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ მავთულხლართების გაბმას არავითარი აზრი არ აქვს და ფუჭი შრომაა.

"მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენ, ჩვენი ქცევითაც დავეხმარებით, კარგად გაიგოს რუსეთის სახელმწიფომ, რომ დღევანდელი სიტუაცია, მავთულხლართების გაბმა პირდაპირ აზიანებს მის იმიჯს. საკუთარ სახელმწიფოს ზიანის მეტს ვერაფერს აყენებენ. უპერსპექტივო, გაუგებარ რაღაც საზღვრებს აფუძნებენ და მხოლოდ კრიტიკას იმსახურებენ მთელი მსოფლიოსგან. ჩვენ მოვახერხეთ და პრაქტიკულად ყველა მხრიდან გაკეთდა განცხადება და მე ვიცი, რომ ყველა შეხვედრაზე რუსებს ამას სულ ახსენებენ ევროპიდან თუ ამერიკიდან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ადრე ფიქრობდა, რომ საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლება რუსმა მესაზღვრეებმა სოჭის ოლიმპიადის გამო განაახლეს.

 "ძალიან ნერვიულობენ, რადგან უნდათ, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად ჩატარდეს, მაგრამ უკვე არ მგონია, რომ ამას უკავშირდებოდეს... ვილნიუსის სამიტი ყველაზე რეალისტურია, რასთანაც შეიძლება გაივლოს პარალელი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უფრო მეტად გაუგებრობაა, რუსეთი დიდი სახელმწიფოა, იქაც სხვადასხვა მიმართულებებია, სხვადასხვა კლანებია.. გაუგებრობაა ეს მათთვის", - ამბობს პრემიერი. მისი აზრით, საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს მალე დაიბრუნებს.

"ეს მოხდება ოც წელიწადზე ადრე, შუალედ პერიოდში. აფხაზებს და ოსებს ვაჩვენებთ, რომ ძალიან საინტერესო ქვეყანას ვაშენებთ და ჩვენთან თანაცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა მათთვის. უნდა დავარწმუნოთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ. ამას ვერაფერი ვერ აღუდგება წინ" - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები