სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ფანჯიკიძე: ერთი ფაქტის გამო, ოლიმპიადის ბოიკოტირების საფუძველს ვერ ვხედავ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თუ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი იქნება, ხელისუფლება ამ საკითხს გადახედავს. აქვე, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველს ვერ ხედავს.

"ამ საკითხზე მთავრობამ გააკეთა ძალიან ამომწურავი განცხადებები. პრემიერმაც იგივე თქვა რამდენჯერმე. თუ ჩვენ შევატყობთ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე რამე ჩვენთვის შეურაცხმყოფელი ხდება და არ არის ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რასაკვირველია, არაფერი არ არის გამორიცხული. ჯერჯერობით, სამი თვეა იქამდე დარჩენილი. მაგრამ ახლა, მე პირადად, მხოლოდ ერთი ფაქტის გამო ვერ ვხედავ საფუძველს, რომ ასე რადიკალურად შეიცვალოს გადაწყვეტილება" - ამბობს ფანჯიკიძე.

გერმანიის ელჩის საქართელოში ორთვინ ჰენიგის განცხადებით, ქართველი რომ იყოს, ემოციურად ძალიან წინააღმდეგი იქნებოდა სოჭის ოლიმპიადაში ქართველების მონაწილეობის.

"მაგრამ როგორც უცხოელი დამკვირვებელი, მე ვურჩევდი ყველას, რომ სიტუაცია ემოციების გარეშე აწონ-დაწონონ და საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ. მე მესმის, რომ მთავრობა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგას" - თქვა გერმანიის ელჩმა.

აშშ-ის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდი კი დარწმუნებულია, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხზე, საქართველოს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ძალიან კარგად მესმის, რატომ არის შეწუხებული ქართველი ხალხი ამ საკითხის გამო" - აღნიშნავს ნორლანდი.

შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადის ერთერთი მეჩირაღდნე რუსი მფრინავი ივან ნეჩაევი იქნება, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირად აღიარა. ამის გამო, საქართელოში საზოგადოების ნაწილი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას მოითხოვს. ინტერნეტში ამ მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 10 000-მდე ხელმომწერი ჰყავს, თუმცა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ პეტიცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

კომენტარები