საქართველოს პროკურატურა

ივანიშვილი: პროკურატურის ხელმძღვანელებმა დამოკიდებულება უნდა შეიცვალონ

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პროკურატურამ უნდა მოახერხოს და საზოგადოების მაქსიმალური ნდობა დაიმსახუროს. როგორც ივანიშვილმა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში მიმდინარე პრეზენტაციისას აღნიშნა, ამისთვის ახალი ხელისუფლება უკვე ერთი წელია, მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.

"კანონიერება და სამართლიანობა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედი და პროკურატურას ამ პროცესში საკვანძო როლი უჭირავს. შესაბამისად, მან უნდა მოახერხოს საკუთარი ავტორიტეტისა და სანდოობის ამაღლება, დაიმსახუროს საზოგადოების მაქსიმალური ნდობა. ამ მიმართულებით, ჩვენ კარგი რეფორმები განვახორციელეთ და პროკურატურა დღეს გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. კარგად ვიცით, როგორი მძიმე წარსული დაგვხვდა. გასაგებია, რომ დღეს მკაცრი მოთხოვნებია პროკურატურის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს თანამშრომლების შეცვლა, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ პროკურატურის ხელმძღვანელებმა დამოკიდებულება შეიცვალონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პროკურატურამ საიმედოობის იმიჯი დაიმკვიდროს.

"მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ხელისუფლების მხრიდან პროკურატურის მიმართ დამოკიდებულება იქნება პრინციპული, პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი და ემსახურებოდეს მხოლოდ ხალხს", - აღნიშნა პრემიერმა.

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში პროკურატურა სამომავლო გეგმების და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

კომენტარები