საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილის, ბორის იაროშევიჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიის ეროვნული ფონდითაც დაეხმარება.
"ფონდი სამი თვის წინ დაფუძნდა და ის, რომ ამ მოკლე ხანში ფონდის ხელმძღვანელი თბილისს ესტუმრა, საქართველოს პრიორიტეტულობაზე მეტყველებს. ვილნიუსის სამიტის შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმებები ამოქმედდება, რაც განაგრძობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ძალისხმევას. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ ფონდზე, რადგან ის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას დაეხმარება", - თქვა ბორის იაროშევიჩმა.
დემოკრატიის ევროპული ფონდის მიზნებზე აღმასრულებელმა დირქტორმა იეჟი პომიანოვსკიმ ისაუბრა. მისი თქმით, ფონდი მზადაა, დემოკრატიულ ცვლილებებს ხელი შეუწყოს.
"ფონდის მიზანია, მოიცვას ის სფეროები და მიმართულებები, რომლებიც სხვა პროგრამებში სათანადოდ გათვალისწინებული არ არის. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ბევრს მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ჩვენ მას ამ მიმართულებით მხარს დავუჭერთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ევროკავშირის სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა არ შეუძლიათ", - თქვა პომიანოვსკიმ.
ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ონლაინრეჟიმში განიხილავს, გრანტის საშუალო მოცულობა კი 10 000-დან 150 000 ევრომდე იქნება.





