მაია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძე: საოკუპაციო ზოლთან აქციების გამართვა ქართული მხარის უფლებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმურა, სადაც თიბილოვი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით არაერთი მიტინგი ჩატარდა, რომელიც ვითარების დაძაბვას იწვევს. ფანჯიკიძის თქმით, საოკუპაციო ზოლთან აქციების გამართვით ქართული მხარე სიტუაციას არ ძაბავს. "საოკუპაციო ზოლთან აქციების გამართვა ქართული მხარის უფლებაა", - განაცხადა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, იგი მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და "ძალიან კარგია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხმა ისმის ყველა იმ საკითხში, რომელიც საჭირბოროტოა საქართველოსთვის".

ოსური მედიის ინფორმაციით, ლეონიდ თიბილოვმა განცხადება დღეს ე.წ. ძალოვანებთან შეხვედრაზე გააკეთა. ძალოვანების მტკიცებით, აქციები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და შესაძლოა, ვითარების ექსკალაცია გამოიწვიოს. ე.წ. სასაზღვრო სამსახურის უფროსის, სერგეი კოლბინის თქმით, მსგავსი "პოლიტიკური სპექტაკლები" საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული და 28 ოქტომბრამდე გასტანს. მისივე თქმით, თუ დიცსა და დვანთან ვითარება კონტროლს არ დაექვემდებარება, დე ფაქტო მთავრობა მკაცრ ზომებს მიიღებს და წესრიგს დაამყარებს.

"მოვლენების განვითარებას თვალყურს ვადევნებთ და თუკი მივხვდებით, რომ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება და ჩვენთვის მისაღებ საზღვრებს გადადის, მკაცრ ზომებს მივმართავთ, რომელიც სახელმწიფო საზღვარზე წესრიგის დამყარებას ითვალისწინებს", - განაცხადა კოლბინმა. მისივე თქმით, დე ფაქტო მთავრობის რეზერვი ერთი თვეა, მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში საზღვარზე იმოქმედოს.

კომენტარები