მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე: თუ ექსპრესნიუსი ბოდიშს არ მომიხდის, ვუჩივლებ

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში განუცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელს სასამართლოში შეიტანს. საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ინფორმაცია, რომ მან გუშინ რუსეთის მაღალჩინოსნებთან ერთად, მცხეთის რესტორანში ივახშმა, სრული სიცრუეა.

"მათ დაწერეს, რომ საკითხი რესტორნის ადმინისტრაციასთან გადაამოწმეს და ინფორმაცია დადასტურდა. მინდა განვაცხადო, რომ ეს აბსოლუტური სიცრუეა. სრულიად აღშფოთებული ვარ, რომ სააგენტო აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას კადრულობს. თუ "ექსპრესნიუსი" ბოდიშს არ მოიხდის, შესაბამის ზომებს მივიღებ და ვუჩივლებ,"- ამბობს მაია ფანჯიკიძე.

თავის მხრივ, ექსპრესნიუსის რედაქტორი ირაკლი მანაგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სააგენტო საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ეცდება.  

ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსმა გუშინ დაწერა, რომ მაია ფანჯიკიძემ რუსეთის მაღალჩინოსნებთან ერთად მცხეთაში, რესტორან მცხეთის გუჯარში ივახშმა. 

კომენტარები