მაია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძე: ბერლინის კედლის დაცემას ქართველებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს

facebook.com/mfageorgia

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაესწრო. მიღება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა გამართა. ფანჯიკიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

"1990 წელს გერმანელ ერს, რომელიც ხელოვნურად იყო გაყოფილი ორ ნაწილად, მიეცა შესაძლებლობა, გათავისუფლებულიყო გამყოფი ხაზებისაგან. ბერლინის კედლის დაცემას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხისათვისაც და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელოვნური ბარიერები და კედლები ადრე თუ გვიან აუცილებლად დაინგრევა", - თქვა მაია ფანჯიკიძემ. 

ფანჯიკიძემ ასევე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის პროცესში გერმანიის ისტორიული როლის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სწორედ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს, თბილისში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა.

ფანჯიკიძემ ასევე ისაუბრა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ თანამშრომლობაზე და ბერლინის კედლის განსაკუთრებულ, სიმბოლურ მნიშვნელობაზე ქართველი ხალხისათვის.

"მე გერმანიაში 17 წელი ვიცხოვრე, აქედან 4 წელი იენაში ვსწავლობდი. ეს იყო მაშინ, როდესაც ბერლინის კედელი ჯერ კიდევ იდგა. ყოველთვის, როდესაც ბერლინში ჩავდიოდი, მივდიოდი ბრანდენბურგის ჭიშკართან და ვოცნებობდი მენახა ჭიშკრის მეორე მხარე. ბერლინის კედლის დანგრევა კი ის მომენტია, რომელიც ყოველთვის გემახსოვრება. როცა მეკითხებიან, გაერთიანდება თუ არა საქართველო, ყოველთვის მომყავს გერმანიის მაგალითი", - თქვა ფანჯიკიძემ.

კომენტარები