მაია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძე: ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების სიგრძე უკვე 35 კმ-ია

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს. ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის სოფლებში მავთულხლართების გავლების შედეგად უკვე 65 ოჯახი დაზარალდა.

"რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, 2013 წლის იანვრიდან, რუსეთის საოკუპაციო ჯარები, უშიშროების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო ძალებთან ერთად, ინტენსიურად აგრძელებენ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის, ქარელის, კასპისა და ახალგორის რაიონებში, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების ფართომასშტაბიან პროცესს. ბოლო თვეების განმავლობაში, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. ამჟამად, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების მთლიანი სიგრძე უკვე 35 კილომეტრს აღწევს და პროცესი კვლავ გრძელდება. ცხინვალის რეგიონის სოფლებში მავთულხლართების გავლების შედეგად უკვე 65 ქართული ოჯახი დაზარალდა, მათგან რამდენიმეს საცხოვრებელი ადგილების დატოვებაც კი მოუხდა, რამაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა წარმოქმნა", - თქვა ფანჯიკიძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ  ადგილობრივი მოსახლეობა სასაფლაოებთან მისვლას, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებით, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებით, ასევე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას ვერ ახერხებს.

კომენტარები