მავთულხლართები

პაატა ზაქარეიშვილი: უშიშროების საბჭოს სხდომის შედეგი იქნებოდა ნული

ტაბულა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სააკაშვილს სურს არა საქმე ლაპარაკის ნაცვლად, არამედ, ლაპარაკი საქმის ნაცვლად. როგორც მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა, უშიშროების საბჭოს სხდომას შედეგი არ ექნებოდა. ზაქარეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტს საბჭოს შეკრებით, მხოლოდ ლაპარაკი და ქულების დაწერა სურდა.

"მას უნდა, რომ ამ სპექტაკლში მივიღოთ მონაწილეობა. ეს იქნებოდა ჰაერში გასროლა და წყლის ნაყვა. შედეგი იქნებოდა ნული" - თქვა ზაქრეიშვილმა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი მთავრობა მუშაობს და არ აჰყოლია რუსეთის პროვოკაციებს.

"წარმოგიდგენიათ, ახლა სააკაშვილის ხელში რომ ყოფილიყო ძალაუფლება, რა მოხდებოდა დვანსა და დიცში? იქ ხომ აღარაფერი იქნებოდა. რუსეთს აყვებოდა. ჩვენ კი, არ ავყევით პროვოკაციაში. მოვახერხეთ,  შევინარჩუნეთ სიმშვიდე და პრაგმატიზმი და მინიმუმამდე დავიყვანეთ ზარალი. ხალხი არ გვეხოცება და დევნილობაში არ გვყავს. მალე გაზს შევუყვანთ, წყალი ექნებათ" - ამბობს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და აღნიშნავს, რომ ახლა სამმა ოჯახმა დაკარგა სახლი, წინა ხელისუფლების დროს კი, დაზარალებულთა რაოდენობა ათასობით იყო. მისივე მტკიცებით, იმ სამმა დვანელმა ოჯახმა, რომელთა სახლებიც მავთულხლართების მიღმა მოხვდა, 2008 წლის ომის შემდეგ, კომპენსაცია უკვე მიიღო. ზაქარეიშვილის თქმით, აღნიშნულ სამ ოჯახს სახლები აგვისტოს ომის დროს დაეწვათ და მათ მიიღეს როგორც კოტეჯები, ისე 15 000 დოლარის ოდენობის ფულადი თანხა.

"ეს სამი ოჯახი იყო ის იშვიათი გამონაკლისი, რომლებსაც კომპენსირებულ სახლზე ჰქონდათ წვდომა. ასე რომ ახალი არაფერი მომხდარა. მათ უკვე მიიღეს კომპენსაცია" - აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

კომენტარები