უშიშროების საბჭოს მოწვევა

დავით უსუფაშვილი: სააკაშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადას ღირსეულად ვერ ასრულებს

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ბოლომდე ღირსეულად ვერ მიიყვანა. მისი თქმით,  ამის მკაფიო გამოხატულება დღევანდელი მოვლენაა, როდესაც სააკაშვილმა მთავრობას უშიშროების საბჭოს მოწვევა სთხოვა. უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან  ნებისმიერი საუბარი "ამ დღეებსა და ამ თემებზე" არის არა უშიშროების საბჭოზე მისვლა, არამედ საშიშროების საბჭოში მონაწილეობა.

"საგანგაშოა ის ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. ძალიან ვწუხვარ, რომ მის გაუაზრებელ ქმედებებში და გადაწყვეტილებებში ჩართულია ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიც არის ოკუპაცია და ქვეყნის უსაფრთხოება. ის და მისი გარემოცვა ვერ ახერხებს შეჩერებას, რომ ასეთ სერიოზულ საკითხებზე ესოდენ არასერიოზული დამოკიდებულებები არ გამოავლინონ. არაერთხელ განმიცხადებია, რომ რაც უფრო მეტად ახლოვდება დღე, როცა პრეზიდენტი ის პირი ვეღარ იქნება, რომელიც დღეს არის პრეზიდენტი, მით უფრო მეტად იზრდება არაადეკვატური გადაწყვეტილებები. თუმცა ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა, რომელსაც შესწევს ძალა ამ პრობლემას მარტივად გაუმკლავდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან, ასევე სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა. პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას უარით უპასუხეს. ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მიხეილ სააკაშვილის პიარაქციად აფასებენ.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მთავრობის უარს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის შესახებ საგანგაშო უწოდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით კი, მთავრობა პრეზიდენტს ემალება.

 

კომენტარები