უშიშროების საბჭოს მოწვევა

ჯაფარიძე პრეზიდენტის მიმართვას უშიშროების საბჭოს მოწვევის შესახებ მხარს უჭერს

საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის წინადადებას მცოცავი ოკუპაციის საკითხზე უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, მხარს უჭერს.

"რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი, საერთოდ, უშიშროების საბჭოს გამართული ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ისეთი პრობლემები აქვთ, როგორიც საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მსჯელობა, რადგან საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ბოლო პერიოდში. ასე რომ, მე მხარს დავუჭერდი და მივესალმებოდი ამ წინადადებას", - თქვა ჯაფარიძემ.

პრეზიდენტის ინიციატივას პოზიტიურად აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც. თუმცა, ვიქტორ დოლიძე ფიქრობს, რომ მცოცავ ოკუპაციაზე უშიშროების საბჭოს სხდომის ფორმატში მსჯელობის გარდა, ქართულმა მხარემ დიპლომატია უნდა გაააქტიუროს.

"ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთნაირი პოზიცია რომ გააჩნია, მე მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომ ნებისმიერ კონსულტაციას, იქნება ეს უშიშროების საბჭო სხდომის ფორმატი თუ სხვა, მე დადებითად ვუყურებ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მარტო უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვაზეც არ არის, ჩვენ უნდა მაქსიმალურად გავააქტიუროთ დიპლომატია", - აღნიშნა დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო შაბათს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა.

კომენტარები