უშიშროების საბჭოს მოწვევა

ბოკერია: მთავრობის უარი საბჭოს სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით საგანგაშოა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მთავრობის უარს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის შესახებ საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს საქმიან დისკუსიაში მონაწილეობაზე. საკითხზე, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას - მცოცავ ოკუპაციას, საოკუპაციო ხაზის გადმოწევასა და მოსახლეობის ბედს ეხება.

"მე ეს მიმაჩნია სამწუხაროდ, საგანგაშოდ, ასევე გაუგებრად. რატომ შეიძლება მთავრობას არ სურდეს ამაზე მუშაობა?! ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი, რითაც ისინი უნდა იყვნენ დაკავებულები. უშიშროების საბჭოს ეს სხდომა მთავრობის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ ეს არის ის, რასაც მართლა საქმიანი დისკუსია ჰქვია. ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები კრიტიკულად ვართ განწყობილი იმ უმოქმედობის გამო, რომელსაც მთავრობა ხშირ შემთხვევაში იჩენს, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ გამოწვევებისას ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მიუხედავად განსხვავებული აზროვნებისა", - თქვა ბოკერიამ. 

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის შეთავაზება სხდომის გამართვასთან დაკავშირებით, ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ კოორდინირება საგარეო ტაქტიკასა და აზრების გაცვლაზე ერთობლივი ძალისხმევით მომხდარიყო.

"მით უმეტეს, ახლო წარსულში განვითარებულმა მოვლენებმა საერთო სურათი აჩვენა, რომ კოორდინირების პრობლემა აქვთ შიგნით, თან სერიოზული. არ მესმის, რატომ არის მთავრობისგან ასეთი აგრესიული შეფასებები. რაც მთავარია, რატომ არ არის სურვილი საქმეზე საუბრის და საქმის გაკეთების. უშიშროების საბჭოს სხდომები არის დახურული, პრეზიდენტს თუ რამე განცხადების გაკეთება უნდა, ამას ისედაც გააკეთებს, თუ მათ კრიტიკა აწუხებთ, რაც თავისთავად არანორმალურია, რა მასკარადზეა საერთოდ საუბარი", - თქვა ბოკერიამ. 

კითხვაზე - მიუხედავად მთავრობის წევრების უარისა, ჩატარდება თუ არა შაბათს უშიშროების საბჭოს სხდომა, ბოკერიას თქმით, სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა, უშიშროების საბჭო პირველ რიგში მთავრობაა.

ბოკერიამ ასევე თქვა, რომ დღეს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მართავს და თუ მათ არ სურთ აღნიშნულ საკითხებზე საუბარი, "მე არ მესმის, რა დისკუსიას უნდა ჰქონდეს ადგილი". ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მათი ასეთი დამოკიდებულება საგანგაშოა და იმის მაჩვენებელია, როგორ მუშაობს ახალი მთავრობა, პრემიერი და როგორ უყურებენ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს.

კომენტარები