უშიშროების საბჭოს მოწვევა

ანდრო ბარნოვი: მთავრობა პრეზიდენტს ემალება

www.weeknews.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, მთავრობა პრეზიდენტს ემალება. ანდრო ბარნოვის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმინისტრმა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასა და მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს. 

"სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა, რომ პრეზიდენტის იმ ხედვას, რომელსაც გაერო-ში მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა, ეს ხალხი მასკარადს უწოდებს. იმ უსუსურ ბლუყუნს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქმიან მიდგომას ეძახიან. ეს სადამდე მიიყვანს ქვეყანას, სჯობს ჩვენმა მოსახლეობამ მალე განსაჯოს, რადგან მართლა დიდი საფრთხის წინაშე ვდგებით ყველანი", - განაცხადა ბარნოვმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მთავრობასთან სინქრონიზებული მუშაობისთვის სურდა.

"მათ მორიგი უარი თქვეს ხალხის და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ერთად დგომაზე. ისინი გვემალებიან, რადგან იციან, რომ ჩვენ შევთავაზებთ ისეთ გზას, რომლის შესრულების არც თავი, არც პასუხისმგებლობა, არც გამბედაობა და არც სინდისი ამ მთავრობას არ ყოფნის. ჩვენ არ ვეძახით მათ რინგზე, ჩვენ ვეძახით საერთო სივრცეში სათანამშრომლოდ და შრომაში გვემალებიან, ეს არის მთელი უბედურება", - ამბობს ბარნოვი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა. პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას უარით უპასუხეს. ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მიხეილ სააკაშვილის პიარაქციად აფასებენ.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მთავრობის უარს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის შესახებ საგანგაშო უწოდა.

კომენტარები