მავთულხლართები

ქეთევან ციხელაშვილი: სოფელ აძვში ამჟამად მავთულხლართებს აღარ ავლებენ

მავთულხლართები დიცში

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სოფელ აძვში ამჟამად მავთულხლართების გავლება არ მიმდინარეობს. ციხელაშვილის განმარტებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 16 სექტემბრის შეხვედრაზე უკვე დაისვა როგორც აძვის, ისე სხვა სოფლებში ანალოგიური პრობლემის საკითხი.

"როგორც ჩანს, ეს ახალი ამბავია შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულისთვის, თუმცა, ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ მავთულხლართების გავლებით, რომელიც 2009 წლიდან მიმდინარეობს, 12 სოფელია დაზარალებული. რაც შეეხება ხელისუფლების ბერკეტებს, საქართველოს მთავრობა სპეციალური დროებითი კომისიის ფარგლებში მუშაობს, რომ დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მოახდინოს რეაგირება. ამ სოფლების მოსახლეობა წინა ხელისუფლების პირობებში მართლაც უყურადღებოდ იყო დატოვებული და ეს ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის კომპლექსური პრობლემა და სამინისტრო ცდილობს, მაქსიმალურად სწრაფად მოაგვაროს სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის, გაზმომარაგების, შეშის, სარწყავი და სასმელი წყლის საჭიროებები.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გორის რაიონის სოფელ აძვშიც გაავლეს. მავთულხლართები ბალამწარაშვილების ოჯახის ნაკვეთზე გადის. ისინი მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ. მეპატრონის თქმით, რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები რამდენიმე კვირის წინ გაავლეს, სავარაუდოდ, ღამით. შედეგად, ბარიერებს მიღმა 4 ჰექტარი მიწა მოექცა.

კომენტარები