სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ბერიშვილი: აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ისევ დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსი აქვთ

sportall.ambebi.ge

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ჯერ კიდევ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არიან შეყვანილი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამის გამოსწორებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა რუსთავი 2-ის თოქშოუში - არჩევანი განაცხადა.

"ჟურნალისტების აკრედიტაციაში აღმოჩნდა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით არიან შეყვანილი. ჩვენ გავაგზავნეთ საპროტესტო ნოტა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში და მოვიდა პასუხი. გვქონდა სატელეფონო საუბარიც. გვითხრეს, რომ იციან, საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, ახალი პრეზიდენტი საქმის კურსშია, საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას შეგვატყობინებენ. სია ჯერ გასწორებულია არაა", - განაცხადა ბერიშვილმა.

იგი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს პრობლემა აქვს რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან და სოჭის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან. "როგორც ჩანს, სოჭის საორგანიზაციო კომიტეტთან ვერ გვარდება პრობლემა. რუსეთის ხელისუფლება ამას იყენებს, ეს მისი პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ ვიცავთ ქარტიას, ყველა წესს, მივდივართ ოლიმპიადაზე. ეს პრობლემა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაძლიოს", - აღნიშნა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა.

კომენტარები