სოჭის ოლიმპიადა

ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადების თემას სპორტსმენები ეხმაურებიან

 

2014 წელს, სოჭში გასამართი ზამთრის ოლიმპიადა მოთხილამურე იასონ აბრამაშვილისთვის კარიერაში მესამე იქნება. 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე, აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა, თუმცა მოახლოვებული ოლიმპიური თამაშების წინ იმედიანადაა განწყობილი

"წინასწარ ძალიან ძნელია საუბარი მედალს ავიღებთ, ორმოცდაათეულში შევალთ, თუ რას ვიზამთ. დიდი იმედებით მივდივართ, რომ წარმატებით ვიასპარეზებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ," - აცხადებს იასონ აბრამიშვილი

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 122 დღით ადრე, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი გამოუცხადებს თუ არა საქართველო ოლიმპიადას ბოიკოტს.

ძალოსნობაში სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი და ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ასანიძე მიიჩნევს, რომ ბოიკოტის საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნება.

"მე ვფიქრობ, რომ ძალიან სიჩქარეც არ ვარგა, თუმცა პულსზე ხელი უნდა გვედოს და არ გამოგვეპაროს არცერთი დეტალი. ვინაიდან ჩემი ოჯახი თითქმის აფხაზეთიდანაა, მაქვს ამ კუთხიდან ბევრი ინფორმაცია. ვიცი, რომ ისინი აწყობენ აფხაზური სახლის გაშლას და პროპაგანდას ეწევიან. სიჩქარემ შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს როგორც ქართული მხარე, ასევე ბევრი ის შეთანხმება რომელიც უნდა იყოს დაცული. ვფიქრობ დეკემბრის შუა რიცხვებამდე კიდევ გვაქვს დრო, რომ გავაკეთოთ განაცხადი", - ტაბულასთან საუბარში განაცხადა გიორგი ასანიძემ.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებისთვის შესაძლო ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა. იმ ოთხი ქართველი სპორტსმენიდან, რომლებსაც ამ ეტაპზე სოჭის ოლიმპიადის ლიცენზია აქვთ მოპოვებული, გედევანიშვილს წარმატების ყველაზე მეტი შანსი აქვს, თუმცა სპორტსმენის თქმით ის უპირველესად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

"ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს და მეც ჩემი საქმე რაც არის, იმას ვაკეთებ. ჩემი საბშობლო როგორც გადაწყვეტს, ისე უნდა მოვიქცე. მე ყველანაირად დავემორჩილები და პატივისცემით დავუჭერ მხარს, რასაც ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს," - განაცხადა ელენე გედევანიშვილმა.

უკანასკნელ დღეებში, არაოფიციალურად აქტიურად განიხილავენ ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების არა ქვეყნის, არამედ ოლიმპიური კომიტეტის სახელით შესაძლო გამოსვლას.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის განცხადებით, გედევანიშვილის ოლიმპიური დროშის ქვეშ გამოსვლა არ განიხილება.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა თემა კვლავ აქტუალურად რჩება. 

კომენტარები