ბაჩო ახალაიას საქმე

ახალი პროკურორი: ბაჩო ახალაიას საქმეს ბოლომდე მივიყვან

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

ე.წ. ციხის ბუნტის საქმის ახალი პროკურორი ლევან ადეიშვილი პირობას დებს, რომ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე პროკურორი აღარ შეიცვლება. მისი განცხადებით, საქმეს თავად მიიყვანს ბოლომდე. ადეიშვილის თქმით, საქმის მასალების გაცნობის მიზნით, 15-დღიანი ვადა ითხოვა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 10-დღიანი ვადა მიეცა. პროკურორი აცხადებს, რომ ის აღნიშნულ დროში ჩაეტევა და საქმეს მაქსიმალურად შეისწავლის.

"მე დღეს შევიტყვე, რომ ია დარჯანია თვითაცილების შუამდგომლობის დაყენებას აპირებდა. ამიტომ, თავად გამოვთქვი სურვილი, რომ წამოვსულიყავი სხდომაზე, რათა პროცესი არ გაჭიანურებულიყო. დღეს რომ მე არ მოვსულიყავი ია დარჯანიასთან ერთად, პროცესი გადაიდებოდა. შემდეგ პროცესზე კი, ახალი პროკურორი კვლავ ვადას მოითხოვდა და ეს გაჭიანურებას შეუწყობდა ხელს", - განაცხადა ლევან ადეიშვილმა და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას.

"პროკურატურის ქმედებები საქმის გაჭიანურებას ნამდვილად არ ემსახურება. მე ვიყავი თენგიზ გუნავას საქმეზე პროკურორი. ეს საქმე ბოლომდე მივიდა და გარწმუნებთ, რომ ბაჩო ახალაიას საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ლევან ადეიშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ია დარჯანიამ თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის თქმით, თავადაც და ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც აფხაზეთიდან არიან და შესაბამისად, საერთო ნაცნობების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის. მოსამართლემ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.  ბრალდების მხარის ინტერესებს ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ, ახალი პროკურორი ლევან ადეიშვილი დაიცავს

თავად ანი ნადარეიშვილი დარჯანიას დღევანდელ შუამდგომლობას "ცირკს" უწოდებს. მისი თქმით, სიტყვები არ ყოფნის პროკურატურის ქმედების შესაფასებლად.

"სასაცილოა დღევანდელი მისი ქმედება. მესამე სხდომას ესწრება ია დარჯანია და ახლა აღმოაჩინა, რომ აფხაზეთიდან ვარ? სასაცილოა. სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ ცირკია, ცირკი", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურატურის დღევანდელი შუამდგომლობა გააკრიტიკა ბაჩო ახალაიას მამამ როლანდ ახალაიამაც. მისი თქმით, რასაც ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესებზე ხედავს, მის პრაქტიკაში არასოდეს მომხდარა.

კომენტარები