სოჭის ოლიმპიადა

ზალკალიანი: ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი ქვეყანა, რუსეთივით არ იქცევა

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ორშაბათის ტრადიციულ კონფერენციაზე სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის ე.წ. გმირის ივან ნეჩაევის დასახელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მეზობელ სახელმწიფოსთან ურთერთობის მოწესრიგების მსურველი სახელმწიფო, ისე გამომწვევად არ იქცევა, როგორც რუსეთი.

"ჩვენ გვინდა ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაცია და ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებად დანახვა. მეორე მხარე კი, სამწუხაროდ, ცდილობს მის გამოყენებას სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის; სხვა ვერაფრით აიხსნება ეს ფაქტი, მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერობების მოწესრიგების მსურველი სახელმწიფო ასეთ ვითარებაში ასე გამომწვევად არ უნდა იქცეოდეს. დღეიდან ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდებით სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და თუ საბოლოოდ დარწმუნდა ჩვენი ხელისუფლება, რომ ხდება სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზირება და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ქვეყნისა და ქვეყნის მოქალაქეების ღირსების დასაცავად", - თქვა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის ინფორმაციით, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

"რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, ეს იმთავითვე უკიდურესად რთული მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, ვინაიდან ვთვლიდით და ვთვლით, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგება ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ გზაზე აუცილებელია ურთიერთობების ისეთი სფეროების გამოკვეთა, რომელიც ნაკლებად წინააღმდეგობრივია და ნაკლებად უკავშირდება ძირითად პრობლემებს. ჩვენ სფეროებად დავინახეთ კულტურა, სპორტი, ვაჭრობა, ტურიზმი და სათანადო ინიციატივები გამოვავლინეთ", - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

კომენტარები