ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ბოლო უნდა მოვუღოთ ანგარიშსწორების გაუთავებელ წრეს

ნაციონალური მოძრაობის ახალი დროშა
UNM.GE

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მე-6 ყრილობაზე, რომელიც დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ქვეყნის განვითარების მისეულ ხედვასა და არსებული პრობლემების მთავარ გასაღებზე ისაუბრა. პრეზიდენტის მოსაზრებით, საქართველოს ყველა პრობლემა ისტორიულად გამოწვეულია ურთიერთდაპირისპირებით, შურისძიებითა და ქიშპობით.

"ჩვენ ვართ საქართველოს თანასწორუფლებიანი მოქალაქეები და ბოლო უნდა მოვუღოთ ანგარიშსწორების გაუთავებელ წრეს, სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ არსებული პრობლემების უმეტესობა ჩვენივე ისტორიით არის განპირობებული. ერი, რომელმაც არ იცის ისტორია, განწირულია გაიმეოროს თავის შეცდომები. ისტორია გვასწავლის იმას, რომ მსგავს შიდა დაპირისპირებას და შურისძიებას დიდი ფასი აქვს და მას დამოუკიდებლობა ჰქვია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა და გაიხსენა ქართველი მეფის, ბაგრატ მეოთხის ამბავი, რომელსაც იმდროინდელმა ქართველმა ფეოდალებმა უღალატეს. 

პრეზიდენტმა კავკასიის რეგიონის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რეგიონში დაპირისპირება მხოლოდ გარეშე მტერს აწყობს.

"სიძულვილი და დანაწევრება ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. რეალურად, ჩვენი დანაწევრება და ერთმანეთზე გადამტერება სურს საქართველოს გარე მტერს. მათი სურვილია ჩვენ გვძულდეს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ გვეყარება ერთმანეთი, ჩვენ ძმებად დავრჩებით", - თქვა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა საზოგადოებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი დროშა წარუდგინა, რომელიც საქართველოს დროშას ჰგავს, თუმცა, მასზე ჯვრების ნაცვლად გულებია გამოსახული. 

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ პარტიას ჰქონდეს დაპრივატებული ეროვნული დროშა, ამიტომ მე გთავაზობთ ახალ, ჯვრის გარშემო გაერთიანებული სიყვარულის დროშას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები