სასამართლო რეფორმა

დავით ბაქრაძე უმრავლესობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ხათუნა ხუციშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გამოეხმაურა. დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ მთავრობის და უმრავლესობის წევრები კონსტანტინე კუბლაშვილის შეთავაზებას მიიღებენ. 

„ის მოსაზრებები, რომლებიც დღეს გაახმოვანა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, არის ძალიან საყურადღებო და მე იმედი მაქვს, რომ ეს მოსაზრებები ჰპოვებს ადეკვატურ გამოხმაურებას, როგორც ხელისუფლებაში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში. მე მივესალმები, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს გაახმოვანა კომპრომისული წინადადება. წინადადება, რომელიც ითვალისწინებს შექმნილი ვითარებიდან ღირსეული გამოსავლის მოძებნას, ისე რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს -  არც უმრავლესობის და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არც მოსამართლეთა ინტერესი“ - ამბობს ბაქრაძე. მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზად არის კონსულტაციებისთვის. მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეხვედრა შესთავაზა, რათა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროექტი განიხილონ.

„როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ვაცხადებ, რომ მზად ვარ შევუერთდე ამ კომპრომისს. მე ვთავაზობ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათი დაინტერესების და სურვილის შემთხვევაში შეხვედრას ჩემთანაც და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთანაც, სადაც გავივლით მათ მიერ შემოთავაზებულ წინადადებას. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები ამას მიიღებენ სათანადო კონსტრუქციულობით. მე ვფიქრობ, ჩვენი ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს დამოუკიდებელი და ღირსეული სასამართლოს შექმნა. მე მივესალმები იმ შეთანხმებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა მიღწეული. მაგალითად, პრემიერმინისტრის და უზენაესი სასამართლოს შეთანხმებას მოსამართლეების ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების შესახებ და იმედი მაქვს, რომ ამავე სულისკვეთებით იქნება მიღებული დღევანდელი წინადადებაც. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სასამართლოს უფრო მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა იქნება ის საერთო ამოცანა, რომელიც გააერთიანებს საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას.“ - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა პარლამენტს მიმართა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული პროექტის განხილვის შეჩერება მოსთხოვა.

კომენტარები