მავთულხლართები

დროებითი სამთავრობო კომისია ენგურისპირა სოფლების საკითხებზეც იმუშავებს

მავთულხლართები დიცში

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის შექმნილი დროებითი სამთავრობო კომისია ენგურისპირა სოფლების საკითხებზეც იმუშავებს. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება კომისიამ დღეს მიიღო.

"ჩვენ რამდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი ის, რომ ეს კომისია იმუშავებს არა მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და მავთულხლართების მიმდებარე ტერიტორიის მხარეს, არამედ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ჩვენ შესწავლილი გვაქვს არსებული საჭიროებები ენგურისპირა სოფლებში. მეორე, თითოეული სამინისტრო რა ღონისძიებებსაც ატარებს, იქნება კოორდინირებული სხვებთან. ასევე, გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, სოფლები გადაეცა ენერგეტიკის სამინისტროს და ეს უწყება მოამზადებს კონკრეტულ ხარჯთაღრიცხვას და გრაფიკს - რომელ სოფელში როდის რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით იმუშავებს. ის შეშა, რაც ფინანსთა სამინისტროს გააჩნია, დაურიგდება მოსახლეობას. დამატებითი მოცულობა დადგინდება და გარემოს დაცვის სამინისტრო შემოგვთავაზებს, სად შეიძლება მოვიპოვოთ შეშა", - განაცხადა ნარმანიამ.

სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რეინტეგრაციის საითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, ყველა სამინისტრო დაინტერესებულია, რომ კონფლიქტისპირა სოფლებში პრობლემური საკითხები რაც შეიძლება დროულად გადაწყდეს.

"საუბარი იყო ზამთრის პირზე. რამდენად უნდა მოვასწროთ, რომ გათბობის პრობლემები მოვაგვაროთ. სამწუხაროდ, ამას ხელს უშლის წინასაარჩევნო კამპანია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაგვეთვალოს. ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის მოსახლეობის დახმარება და არა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ვცდილობთ, რომ კანონი არ დავარღვიოთ და ისე დავეხმაროთ მოსახლეობას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით კი, მისი უწყება საერთაშორისო მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს და ეცდება - ინფორმაცია მიიტანოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამდე.

"კომისიას მოვახსენე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ, თუ რა საერთაშორისო მხარდაჭერა არსებობს. უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული განცხადებები მაღალი დონიდან, რომელიც გააკეთა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა, ასევე NATO-ს გენერალურმა მდივანმა. გარდა ამისა, დღეს გავრცელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, სადაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. საუბარია, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო ნორმებს და 2008 წელს ნაკისრ ვალდებულებებს, არის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მავთულხლართების აგების პროცესი. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ყველანაირად ვეცდებით, რომ ინფორმაცია მივიტანოთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამდე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებამდე, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოხდეს ამ საკითხების ძალიან მაღალ დონეზე წამოწევა ორმხრივ ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის დროს", - განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები