ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ზვიად ქორიძე: დღეს ქართულმა მედიამ ნეგატიური დარტყმა მიიღო

"დღევანდელი შეხვედრა არ იყო დიალოგი და კითხვა-პასუხი, ეს მასტერკლასის მოწყობის მცდელობა უფრო იყო, სადაც ოსტატმა შეგირდები დატუქსა, ჟურნალისტებმა კი, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს" - ასე შეაფასა მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან. ქორიძის თქმით, დღეს ქართულმა მედიამ ნეგატიური დარტყმა მიიღო. მედიაექსპერტი შეხვედრის ფორმატსაც უარყოფითად აფასებს. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაცია და ჟურნალისტები ამაზე წინასწარ უნდა შეთანხმებულიყვნენ. 

“ის მოვლენები, რომელიც ვითარდება დვანში, ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანია, მაგრამ კითხვა არ უნდა ყოფილიყო - "შენ რატომ არ წახვედი დვანში" და პასუხი - "ესა თუ ის მინისტრი რომ წავიდა, შენ რატომ არ გააშუქე". ეს არ არის დისკუსიის ჯანსაღი ფორმა. თუ არის ამა თუ იმ თემის არასწორად გაშუქების პრობლემა, მთავრობის თავმჯდომარეს ან ცალკეულ მინისტრებს შეუძლიათ კანონით დადგენილი უფლება გამოიყენონ, ამ ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმებს მიმართონ და დაამტკიცონ, რომ ჟურნალისტმა შეცდომა დაუშვა. ეთიკური შეცდომა არ არის დანაშაული, ეს არის გადაცდომა და ის, რომ პრემიერმინისტრმა თითი უქნიოს ჟურნალისტს, პროფესიული ნორმების უგულებელყოფაა,“ - ამბობს ქორიძე.

კომენტარები