ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: უმრავლესობის ერთი-ორი წევრი სიტუაციის აყირავებას აპირებს

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობაში "ერთი-ორი კაცი სიტუაციის აყირავებას" აპირებს. თუმცა, როგორც ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, "ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავებს ააყირავებენ".

"საზოგადოებასთან ერთად მე ვიქნები უფრო მძიმე მათთვისაც, ვისაც ჰგონიათ, რომ გაუჩნდებათ დამატებითი ბერკეტები და აზრზე არ არიან - ერთი-ორი არის პარლამენტის უმრავლესობაში ისეთი, ვინც გაგებაში არ არის. ვინც ფიქრობს, რომ გადახტება-გადმოხტება და რაღაცეებს გადაალაგებს. ასეთ ქმედებებს მე ვამჩნევ, მაგრამ ისინი არა სიტუაციას, არამედ საკუთარ თავს ააყირავებენ. ვერავინ მოახერხებს სიტუაციის გადატრიალებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაფერი იქნება კანონის ჩარჩოში და სიტუაცია არ აირევა.

დღევანდელ შეხვედრაზევე, მედიის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეს, რამდენად დემოკრატიულია, როცა მომავალ პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობა არ არჩევს.

"წინასწარ გავივლი კონსულტაციებს უმრავლესობასთან, რაც საკმარისია. როცა პრემიერს დავასახელებ, ნახეთ, რა კარგი შერჩეული იქნება, პრეზიდენტი გვეყოლება უნიკალური და საუკეთესო, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი არის ძალიან მაგარი და კარგი თავმჯდომარე და პრემიერიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც სჭირდება მთავრობას", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ახალ პრემიერს მთავრობის შემადგენლობას შეუთანხმებს. 

"არ ვიკადრებ, რომ პრემიერმინისტრს შევთავაზო და ამავდროულად ვუთხრა, ამ გუნდში არ გაბედო და რამე არ შეცვალო-მეთქი. სურვილის შემთხვევაში, მზად ვარ ახალ პრემიერს კონსულტაციებიც მივცე. კაცს თუ დანიშნავ, მას მართვის საშუალება უნდა მისცე. ასეთი მენეჯერი ვიყავი", - დასძინა პრემიერმა.

 

კომენტარები