ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ალბათ, აშშ-ში ვიზიტს ვეღარ მოვასწრებ

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ პოლიტიკიდან წასვლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ვეღარ მოასწრებს. 
როგორც ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, საბოლოოდ, ვიზიტი ნოემბრისთვის შეათანხმეს, თუმცა, ალბათ ვერ მოხერხდება. 

"მე არ ვთვლი, რომ ეს ტრაგედიაა და იგივე ვუპასუხე რიჩარდ ნორლანდს ბოლო შეხვედრაზე - რაც აუცილებელი იყო ჩვენს ყველაზე დიდ სტრატეგიულ პარტნიორთან, ყველაფერი გავაკეთეთ. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ და შევეცადოთ, რომ ამერიკის ინტერესები საქართველოში არ შესუსტდეს. მგონია, რომ ამ მხრივ კარგი ნაბიჯები გადავდგით. ჩვენ გავაღრმავეთ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობები. ვაშინგტონში არ წავსულვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მეტი გაკეთდა და უფრო კარგად გადალაგდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ამერიკაში არწასვლის ერთი მიზეზი ისიც არის, რომ არ სურდა, ამერიკაში უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას "ჩატანილი ინფორმაციით" დაესვათ კითხვები.

" არ მქონდა ამისი სურვილი, მეც მაქვს ჩემი სიამაყე, თან ბოდიშის მოხდით ავუხსენი ეს ისე, რომ არ ვაწყენინე" - თქვა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ შეერთებულ შტატებში რამდენჯერმე დაპატიჟა.

"ამ მხრივ, ქართველი ხალხი თავს შეურაცხყოფილად არ უნდა გრძნობდეს. დაპატიჟება მე მივიღე - პირველი დაპატიჟება მქონდა სწორედ აშშ-ში, თუმცა მაშინ ჩავთვალე, რომ არ იყო საუკეთესო დრო. ბოლოს უკვე რიჩარდმა მითხრა, ვიზიტი ნოემბერში დავგეგმოთო. მაშინ არ ვიცოდი, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, ახლა ვფიქრობ, ალბათ ვერ მოხერხდება. რიჩარდსაც ვუთხარი, რომ ეს არ არის ძირითადი საკითხი. ეს არაფერს აფუჭებს. არაპოლიტიკოსი შეიძლება ჩავიდე, თუ ამის საჭიროება იქნება", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ რიჩარდ ნორლანდი ძალიან ეფექტური, პროფესიონალი და პატიოსანი დიპლომატია.

"არავის შეეპაროს ეჭვი, რომ რამეს ვაჭარბებ. მახსოვს, იოგის მასწავლებელი შევთავაზე და გამაფრთხილა, ეს კორუფციას ჰგავსო. ასეთი კაცი გახლავთ ბატონი ნორლანდი", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები