თბილისის მერია

უგულავა: თბილისის თვითმმართველობას ტრანსფერის თანხა 50 მილიონით შეუმცირდა

თბილისის მერი გიგი უგულავა პრემიერმინისტრს, პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართავს და მოითხოვს, თბილისის ბიუჯეტში ტრანსფერის საკითხს გადახედონ. გიგი უგულავამ დღეს დედაქალაქის მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც თბილისის 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

"საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა განსახილველად, სადაც საქართველოში არსებული 70 თვითმმართველობიდან 69-ს გაზრდილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა. მხოლოდ დედაქალაქ თბილისს აქვს ტრანსფერის თანხა შემცირებული 50 მლნ ლარით, მაშინ, როდესაც წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილია 260 მლნ ლარით, ხოლო თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი ტრანსფერების მოცულობა 26 მლნ ლარით. აღსანიშნავია, რომ თბილისის თვითმმართველობა 2013 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო და ერთადერთია, სადაც კოალიცია ქართული ოცნება თვითმმართველობის ორგანოს ვერ აკონტროლებს", - აცხადებს უგულავა და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წელს თბილისის ტრანსფერის თანხა განსაზღვრულია 448 მლნ-ით, ხოლო 2014 წელს ტრანფერის მოცულობა 50 მლნ-ით მცირდება და 398 მლნ ლარს შეადგენს.

"კანონმდებლობით, ტრანსფერის მოცულობის ზრდა ან შემცირება დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკის დინამიკასთან, ზრდასთან ან კლებასთან. ისეთ პირობებში, როდესაც მომავალი წლისთვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ით არის განსაზღვრული, თბილისის ბიუჯეტის ტრანსფერი უნდა გაზრდილიყო დაახლოებით 30 მლნ ლარით. სხვა შემთხვევაში, თბილისში ბოლო წლის განმავლობაში, უნდა შეცვლილიყო ტრანსფერის გამოანგარიშების შემდეგი სტატისტიკური მონაცემები: დედაქალაქის ფართობი და მოსახლეობა; თბლისის გზების სიგრძე; თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 6-18 წლამდე მოზარდების რაოდენობა. ცხადია, რომ არანაირი სტატისტიკური მონაცემები თბილისში არ შემცირებულა, მეტიც, ქალაქში გაიზარდა უმუშევრობა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნულის დაკავშირება ტრანსფერის რაოდენობის შემცირებასთან, სრულიად აბსურდულია. ტრანსფერის გაანგარიშების ფორმულაში რჩება მხოლოდ ერთი კომპონენტი, რამაც 50-მილიონიანი შემცირება გამოიწვია. ეს არის ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება, სადაც დედაქალაქისთვის მინიჭებული სტატუსის კოეფიციენტის ცვლილება განხორციელდა და ამ ბრძანებით ფინანსთა მინისტრმა დააკნინა დედაქალაქის სტატუსი. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წელს, სხვადასხვა დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტიდან, გასულ წლებთან შედარებით, დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა გამოიწვია. მათ შორის: დასუფთავების ფიქსირებული ტარიფის შემოღებამ - 20,0 მლნ ლარი; საბავშვო ბაღებში უფასო სწავლებამ - 20 მლნ ლარი; მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებისთვის საჭიროა დამატებით 30,0 მლნ ლარი; ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის - 20 მლნ ლარი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ცენტრალურმა მთავრობამ უარი განაცხადა 2015 წელს თბილისში "ახალგაზრდა ოლიმპიური ფესტივალის" მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში თანამონაწილეობაზე და უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად, ყველანაირი სამუშაო თბილისმა საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა დააფინანსოს. ამისთვის კი, 2014 წელს დაახლოებით 35 მლნ ლარია აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას ჩაშლა ემუქრება", - განაცხადა უგულავამ და თბილისის საკრებულოს წევრებს მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, "თბილისის წინააღმდეგ განხორციელებული ამ კონკრეტული ქმედების მიმართ".

კომენტარები