არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი კახა შენგელიამ გამოთქვა

კახა შენგელია
sportall.ambebi.ge

კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა პაატა გურასპაულმა, გუშინ, გამგეობის სხდომაზე დაგეგმილი შეხვედრების განრიგზე ისაუბრა.

გურასპაულის განცხადებით, საკალათბურთო საზოგადოებასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, თუ კონკრეტულად როდის გაიმართება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.

"საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ იმეორებს და ადასტურებს, რომ კალათბურთთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებამ. გვინდა ყველას შევხვდეთ, მოვიცვათ სრულიად საქართველოს საკალათბურთო საზოგადოება და სწორედ ამის შემდეგ დადგინდება თარიღი", - განაცხადა პაატა გურასპაულმა.

დღესვე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ვეტერანმა კალათბურთელმა, კახა შენგელიამ დააფიქსირა.

"დღეს ოფიციალურად ვადასტურებ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. დანარჩენ სამოქმედო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ამჟამად ვღებულობ მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ არ გამოვრიცხავ არავისთან გაერთიანებას", - განაცხადა კახა შენგელიამ.

ოფიციალურად, კანდიდატად ჯერჯერობით არავინ დარეგისტრირებულა, თუმცა კახა შენგელიას გარდა, პრეზიდენტობის სურვილი ვლადიმერ ბოისამ და მიშა ახვლედიანმაც გამოთქვეს.

კომენტარები